1. საექსპლუატაციო ტესტირების განსახორციელებლად საჭიროა:

ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის სხვა  მონაწილის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემის სამოქმედო ტესტების ჩატარების პროცესის განსაზღვრა, ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის, ელექტრომოწყობილობა-დანადგარებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის  უსაფრთხოება;

ბ) ასეთი ტესტების ჩატარების პროცედურის დადგენა.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილემ გადამცემ ქსელზე ტესტირების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, განაცხადით უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაგეგმილი ტესტის მიზანსა და ხასიათს;

ბ) ტესტირებაში მონაწილე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მასშტაბსა და მდგომარეობას;

გ) დაგეგმილი ტესტის პროცედურას, კომუტაციის (გადართვის) თანმიმდევრობისა და დროის მითითებით.

3. საექსპლუატაციო ტესტების ჩატარების მოთხოვნა უნდა ითვალისწინებდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შეთავაზებული ტესტის დასაგეგმად საჭირო გონივრულ ვადას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ადგენს თითოეული ტიპის ტესტისთვის საჭირო დროს.

4. დაგეგმილი ტესტის დამტკიცებამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ ტესტის ჩატარების შესახებ განაცხადში არასაკმარისი ინფორმაციაა ან დაგეგმილი ტესტის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისა და ქსელის უსაფრთხოებას.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტესტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას, სათანადო ინფორმაციასთან ერთად, ტესტირების მსურველის გარდა აცნობებს ელექტროენერგეტიკული სისტემის იმ მონაწილეებს, რომლებიც ხვდებიან დაგეგმილი ტესტის ზემოქმედების ქვეშ.

6.  საექსპლოატაციო ტესტის ჩატარების ინიციატორი შეიძლება იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, თუ  ეს ტესტი საჭიროა გადამცემი ქსელის უსაფრთხო, სტაბილური და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

7.  ტესტის ჩატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს ერთ თვეში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ატყობინებს ტესტირების მსურველ და ზემოქმედების ქვეშ მყოფ ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს დაგეგმილი ტესტის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემოთავაზებული ტესტის მიზანსა და ხასიათს, მასში მონაწილე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მასშტაბსა და მდგომარეობას, ტესტირების მსურველისა და ზემოქმედების ქვეშ მყოფი სხვა მონაწილეების დასახელებას;

ბ) ტესტის კოორდინაციის მიზნით, შესაქმნელი ტესტირების ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისათვის წევრების წარმოდგენის თხოვნას;

გ) თუ ტესტი მოიცავს მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობასთან მუშაობას ან მის ტესტირებას,  უნდა მოხდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) ინფორმირება და ამ წესებით დადგენილი შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება.

8. ტესტირების  მონაწილეებმა ტესტირების ჩატარებაზე შეტყობინების მიღებიდან ერთი  თვის  განმავლობაში  უნდა  წარუდგინონ  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი კანდიდატურები ტესტირების ჯგუფის შემადგენლობაში..

9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ქმნის ტესტირების ჯგუფს და ნიშნავს ტესტირების კოორდინატორს. ტესტირების ჯგუფის შეხვედრების ჩატარების სიხშირეს განსაზღვრავს ტესტირების კოორდინატორი საჭიროებისამებრ.

10. ტესტირების ჯგუფის დღის წესრიგში უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

ა) დაგეგმილი ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია და მისი ხასიათი. ტესტის ჩატარების განაცხადში შემავალი სხვა საკითხები;

ბ) ტესტირების მსურველის მიერ მოწოდებული ტესტის პროცედურის შეფასება, მასში საჭირო ცვლილებების შეტანა და ტესტის პროცედურის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბება;

გ) შესაძლებლობა, შემოთავაზებული ტესტი დაიგეგმოს ნებისმიერ სხვა ტესტთან (ტესტებთან) და მოწყობილობის სარემონტო სამუშაოებთან ერთდროულად, რომლის საჭიროება შეიძლება გაჩნდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის სარემონტო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;

დ) გადამცემი ქსელისთვის დაგეგმილი ტესტის ეკონომიკური, ოპერაციული შედეგები და მასთან დაკავშირებული რისკი. ენერგობლოკის/აგრეგატის საათობრივი გრაფიკების განსაზღვრა.

11. ტესტირების მსურველმა და სისტემის შესაბამისმა მონაწილემ (ჯგუფში წარმომადგენლის არ მქონე მონაწილეების ჩათვლით) მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყონ ტესტირების ჯგუფი ინფორმაციით.

12. ტესტირების ჯგუფი გადასცემს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ტესტირების მსურველსა და შესაბამის სისტემის მონაწილეებს დაგეგმილი ტესტის პროგრამას, რომელიც მოიცავს:

ა) ტესტირების გეგმას;

ბ) ტესტირების, მათ შორის, ტესტის მონიტორინგის პროცედურას;

გ) პასუხისმგებელი პირების სიას, უსაფრთხოების ზომების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი პირების (საჭიროების შემთხვევაში) და ტესტის განხორციელებაში მონაწილეთა ჩათვლით.

13. თუ ტესტირების ჯგუფი ვერ შეიმუშავებს ტესტირების პროგრამას ან ვერ მიაღწევს შეთანხმებას ტესტირების პროგრამის განხორციელების შესახებ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იღებს ტესტის ჩატარების, ტესტირების პროგრამაში ცვლილებების შეტანის ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტესტირების ჩატარება გადამცემი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

14. ტესტის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტესტირების ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად, ტესტირების ინიციატორი ამზადებს და გადასცემს საექსპლოატაციო ტესტის ანგარიშს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, შესაბამისი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და ტესტირების ჯგუფის წევრებ