1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გადამცემი ქსელის უსაფრთხო და ეკონომიური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა, განხორციელდეს შესაბამისი ტესტების ჩატარება. სისტემის მონაწილის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მუშაობის მონიტორინგის მიზნით.

2. მონიტორინგის დროს შესამოწმებელი სამუშაო პარამეტრები, სხვა პარამეტრებთან ერთად მოიცავს შემდეგს:

ა) თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ უზრუნველყოფილ პირველად, მეორად და მესამეულ ოპერატიულ რეზერვს;

ბ) თითოეული ენერგიბლოკის/აგრეგატის მიერ სიხშირის რეგულირებას;

გ) სტატიკური და დინამიკური რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას;

დ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრეს.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს კვლევა, რომლის დროსაც:

ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მოიპოვებს ინფორმაციას  მონაწილის ელექტრომოწობილობა-დანადგარების საპროექტო, საექსპლუატაციო მონაცემებისა და ამ წესებითა და მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

ბ)  შესაბამისი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაწილის ობიექტზე გააგზავნოს თავისი წარმომადგენელი, ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული  პროცედურის შესამოწმებლად.

4. ტესტირება და შედეგების მოპოვება ხორციელდება მონაწილის ობიექტის ფუნქციონირების მონიტორინგის გზით.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ტესტირების მიზნებისთვის გამოსცეს სადისპეტჩერო განკარგულება და შექმნას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ისეთი პირობები, როდესაც საჭირო იქნება სიხშირის ან ძაბვის რეგულირება იმისათვის, რომ დაადგინოს, მონაწილეობს თუ არა ენერგობლოკი/აგრეგატი ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაში გამოცხადებული მზადყოფნის შესაბამისად.

6. ექსპლუატაციაში გაშვების ტესტირება ერთ-ერთი ბოლო ქმედებაა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის, დამცავი მექანიზმებისა და სხვა სისტემების ტესტირების მიზნით იმისათვის, რომ შემოწმდეს, სათანადოდ მუშაობს თუ არა ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის ელექტრომოწყობილობა-დანადგარი.

7. გაშვების ტესტის ჩატარების დროს სავალდებულოა შემდეგი პროცედურის დაცვა:

ა) ამ წესებითა და მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ტესტი ტარდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ექსპლუატაციაში გაშვების ტესტის წინასწარ დამტკიცებული  პროგრამის მიხედვით. ტესტის ჩატარების პროცესს უნდა დაესწროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი;

ბ) შესაბამისი მონაწილე ამზადებს გაშვების ტესტის  პროგრამას (რომელშიც განსაზღვრულია  სატესტო კრიტერიუმები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით და განსახილველად და დასამტკიცებლად გადასცემს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ტესტირების თარიღამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე;

გ) შესაბამისი მონაწილე ვალდებულია, ტესტირებისთვის უზრუნველყოს ტესტის სწორად ჩასატარებლად საჭირო ყველა მოწყობილობა;

დ) შესაბამისი მონაწილე ვალდებულია, მიაწოდოს  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განსახილველად და დასამტკიცებლად გაშვების ტესტისთვის გამოყოფილი პერსონალისა და მოწყობილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

ე) ტესტირების დროს ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მოსთხოვოს   შესაბამის მონაწილეს მათი გამოსწორება;

ვ) გაშვების ტესტირების დასრულების შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გასცემს მიერთებაზე თანხმობას ან დამატებითი ტესტირების ჩატარების მითითებას. თანხმობის შემთხვევაში, გადამცემ ქსელში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი მონაწილის მიერ გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

8. ენერგობლოკის/აგრეგატის შესაძლებლობების ტესტი ტარდება შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურების მიზნით:

ა) ენერგობლოკების/აგრეგატების უნარი, იმუშაონ რეგისტრირებული პარამეტრების ფარგლებში;

ბ) ენერგობლოკების/აგრეგატების უნარი, დააკმაყოფილონ ამ წესებისა და მიერთების ხელშეკრულების მოთხოვნები;

გ) ენერგობლოკის/აგრეგატის უნარი, მიაწოდოს სისტემური მომსახურება, რომელიც მოეთხოვება  ელექტროენერგიის მწარმოებელს.

9. ყველა ტესტს აღრიცხავენ და ამოწმებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი მონაწილის უფლებამოსილი წარმომადგენლები;

10. ელექტროენერგიის მწარმოებელს უნდა შეეძლოს ტესტირების დროს გამოსაყენებელი ტესტირების ინსტრუმენტებისა და მოწყობილობის საიმედოობის და სიზუსტის დემონსტრირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინაშე.

11.  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნებისმიერი ენერგობლოკის/აგრეგატის ტესტის ჩატარება. ყველა ტესტი უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ასევე იმ შეთხვევებისას, როდესაც არსებობს ტესტის ჩატარების დასაბუთებული მიზეზი.

12. თუ ენერგობლოკი/აგრეგატი ტესტს ვერ ჩააბარებს, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, ხარვეზი აღმოფხვრას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებულ ვადაში.

13.  ელექტროენერგიის მწარმოებელმა ენერგობლოკზე/აგრეგატზე, რომელმაც ადრე ტესტირება ვერ გაიარა, ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მოითხოვოს ახალი ტესტის ჩატარება ხარვეზების აღმოფხვრის დადასტურების მიზნით.

14. ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის ტესტირება მოიცავს შემდეგს:

ა) რეაქტიული სიმძლავრის ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ რეგისტრირებული რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნების დაკმაყოფილების დემონსტრირება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. ენერგობლოკის/აგრეგატის ტესტირების შედეგი ითვლება წარმატებულად, თუ გაზომილი სიდიდეები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიწოდებული რეგისტრირებული სიმძლავრის ± 5 პროცენტის ფარგლებშია;

ბ) პირველადი რეაგირების ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის პირველადი რეაგირების უნარის დემონსტრირება. ენერგობლოკი/აგრეგატი წარმატებით გაივლის ტესტირებას, თუ გაზომილი რეაგირება ხუთი წამის განმავლობაში  მოთხოვნილი დონის ± 5 პროცენტის ფარგლებშია;

გ) სწრაფად გაშვების შესაძლებლობის ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვებისა და გადამცემ ქსელთან ათი წუთის განმავლობაში სინქრონიზაციისა და შემოთავაზებულ სიმძლავრემდე დატვირთვის უნარის დემონსტრირება;

დ) ნულიდან გაშვების გამოცდით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ ნულიდან გაშვების პროცედურის განხორციელების უნარის დემონსტრირება. ტესტირება წარმატებულად ჩაითვლება, თუ ელექტროსადგური შეძლებს დამოუკიდებლად  გაშვებას,  ქსელთან სინქრონიზაციასა და დატვირთვის კვებას ძაბვისა და სიხშირის დადგენილი (ავარიის შემდგომი) ზღვრების ფარგლებში;

ე) გამომუშავების ტესტირების საშუალებით ხდება იმის დემონსტრირება, რომ ენერგობლოკი/აგრეგატი გამომუშავების გრაფიკსა და პარამეტრებს აკმაყოფილებს. ენერგობლოკის/აგრაგატის ტესტირება ჩაითვლება წარმატებულად, თუ:

ე.ა) სინქრონიზაცია დადგენილი პერიოდის ± 5 წუთის ფარგლებში განხორციელდება;

ე.ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გამომუშავება დადგენილი შესაძლებლობის ±2.5 პროცენტის ცდომილების ფარგლებშია;

ე.გ) დატვირთვის აღების სიჩქარის შემთხვევაში, ფაქტიური აღების სიჩქარე  დადგენილი  აღების  სიჩქარის ± 5 პროცენტის ფარგლებშია;

ე.დ) დატვირთვის შემცირების სიჩქარის შემთხვევაში, ფაქტიური შემცირების სიჩქარე დადგენილი სიჩქარის ± 5 პროცენტია;

ე.ე) ენერგობლოკის/აგრეგატის მინიმალური დატვირთვის შემთხვევაში, ფაქტიური სიმძლავრე დადგენილის + 5  პროცენტია;

ე.ვ) ყველა სხვა პარამეტრების შემთხვევაში, ფაქტიური სიდიდეები გაცხადებული სიდიდეების ± 1.5 პროცენტის ფარგლებშია.

15. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს ენერგობლოკის/აგრეგატის დამატებითი ტესტის ჩატარება:

ა) მოკლე ჩართვით გამოწვეული ძაბვის  ნახტომისებრი ცვლილება;

ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გადასვლა საკუთარი მოხმარების რეჟიმზე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში;

დ)  ენერგობლოკის/აგრეგატის ძაბვისა და სიჩქარის რეგულატორების რეაგირება დატვირთვის მყისიერ ცვლილებაზე;

ე) გადატვირთვის უნარი.
თავი V
გარდამავალი დებულებე