1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ დებულების 83-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლისა და საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის დასკვნის არსებობისას. დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.
2. პროექტის განხილვა ხორციელდება დებულების 57-ე და ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე, ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, აგრეთვე მოითხოვოს დღის წესრიგის სხვა საკითხზე გადასვლა. თუ საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის საბოლოო კენჭისყრამდე მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს დღის წესრიგის სხვა საკითხზე, ნორმატიული აქტის პროექტი ითვლება უარყოფილად და მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.
4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ არის წინააღმდეგი. შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემათანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
5. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომლებსაც საკრებულო განიხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, რა სახითაც იგი იყო ინიციირებული ხელახალი დებატების გამართვის გარეშე.
6. თუ პროექტი საკრებულოს მიერ უარყოფილი იქნა, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.
7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ დებულების 95-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან, თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
8. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა, თუ ცვლილებები შეტანილ იქნა, წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილ ცვლილებათა ერთ ტექსტამდე დაყვანის მიზნით.
9. კენჭისყრა ტარდება ამ დებულების 77-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შესახებ მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
თავი XII
საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი
(განსაკუთრებული პროცედურები