"დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№1099
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულების (სსმIII,2009 წ., №86, მუხ.924) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესს (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61.
1. საზღვარგარეთ მყოფი პირი, უფლებამოსილია, განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
5.ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასური ს გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
6. ამ მუხლის მე-4პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა,რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
7. ამ მუხლის მე-6პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8.განმცხადებლის მოთხოვნით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი შეიძლება გაიცეს განცხადებაში მითითებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი.“.
2.ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი