ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაცია – სერტიფიციკაციის ორგანოს უფლების ოფიციალური აღიარება, განახორციელოს სერტიფიცირება;
ბ) აპარატურა – ნებისმიერი ელექტრული ან/და ელექტრონული რადიო- ან სატელეკომუნიკაციო ტექნიკური მოწყობილობა (დანადგარი), რომელიც შედგება რადიო ან სატელეკომუნიკაციო აპარატურის, სხვა რადიოელექტრონული ან/და მექნიკური კომპონენტების, ან მათი ერთობლიობისაგან;
გ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სერტიფიკაციის ორგანოს მიმართავს განცხადებით, პროდუქციას ჩაუტაროს სერტიფიკაცია;
დ) გამოსხივება – რადიოგადამცემი სადგურის მიერ შექმნილი რადიაცია ან რადიაციის შექმნა;
ე) გამოცდის ოქმი – საგამოცდო ცენტრის (ლაბორატორიის) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გამოცდის შედეგებს და გამოცდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ვ) დანადგარი – რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი;
ზ) დანადგარის კლასი – ინტერფეისის მიხედვით ერთგვაროვანი ტიპის ტექნიკურ საშუალებათა კომპლექსი;
თ) დეკლარაცია – მწარმოებლის, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, იმპორტიორის ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის სრული პასუხისმგებლობით გაკეთებული დადგენილი ფორმის განცხადება რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ი) დირექტივა – ევროპის კავშირის საბჭოს ან/და ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული და საქართველოს მიერ აღიარებული დირექტივა;
კ) ელექტრომაგნიტური თავსებადობა – დანადგარის ან მისი ნაწილის უნარი ელექტრომაგნიტურ გარემოში იმუშაოს სხვა დანადგარის ან მისი ნაწილისათვის ელექტრომაგნიტური ხელშეშლის გარეშე;
ლ) ელექტორმაგნიტური ხელშეშლა – რადიოკავშირის სისტემაში ერთი ან რამდენიმე გამოსხივებით, რადიაციითა ან ინდუქციით შექმნილი არასასურველი ენერგიის ზემოქმედება მიღებაზე, რომელიც იწვევს დანადგარის ან მისი ნაწილის ფუნქციონირების დონის შემცირებას – ხარისხის გაუარესებას, შეცდომებსა ან ინფორმაციის დაკარგვას, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი არასასურველი ენერგიის არარსებობის შემთხვევაში;
მ) იმუნიტეტი – დანადგარის ან მისი ნაწილის (კომპონენტის) შესაძლებლობა, იმუშაოს გარედასაშვები ხელშეშლების დროს;
ნ) ინსტალაცია – ტექნიკური საშუალების (დანადგარი, აპარატურა) აპარატურული (პროგრამული) გაწყობა-გამართვა (დაყენება);
ო) ინტერფეისი – ორ ქსელს, სისტემასა და აპარატურას შორის ფიზიკური და ლოგიკური შეერთება, ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, ორი კომპონენტის შეერთების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო სისტემების მოწყობილობებსა და პროგრამულ საშუალებებს შორის ურთიერთქმედების განხორციელებას ამა თუ იმ პროტოკოლის შეაბამისად, რომლის დროსაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის კავშირის არხი;
პ) იმპორტიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შემოაქვს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე განთავსების მიზნით;
ჟ) კომისია – სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
რ) კავშირგაბმულობის ოპერატორი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ლიცენზიას კავშირგაბმულობის, მაუწყებლობის ან ფოსტის სფეროში საქმიანობაზე;
ს) მწარმოებელი – ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც აწარმოებს რადიოდანადგარებს ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარებსა და მათ ნაწილებს;
ტ) ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები – ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის მიერ მიღებული ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა გამოყენება არ არის სავალდებულო;
უ) მიუღებელი ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის დაზიანება ან გამოიყვანოს იგი ფუნქციონირების ნორმალური რეჟიმიდან, გააუარესოს მომსახურების უსაფრთხოება ან/და შეამციროს დადგენილი სტანდარტის მომსახურების ხარისხი;
ფ) მომხმარებელი – პირადი საჭიროებისათვის საქონლის (მომსახურების, სამუშაოს) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე პირი;
ქ) რადიაცია – ნებისმიერი წყაროდან რადიოტალღების სახით გამომდინარე ენერგიის ნაკადი;
ღ) რადიოდანადგარი – დანადგარი, რომლითაც კავშირი ხორციელდება რადიოტალღებითა და საეთერო კავშირისათვის გამოყოფილი სიხშირული სპექტრის გამოყენებით;
ყ) რადიოტალღები ან ჰერცის ტალღები – ელექტრომაგნიტური ტალღები, რომელთა სიხშირეები პირობითად შემოფარგლულია 3000 გჰც-მდე და ვრცელდებიან სივრცეში ხელოვნური ტალღსატარის გარეშე;
შ) რეგლამენტი – რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტი;
ჩ) საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია) – საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია), რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს კონკრეტული გამოცდა და გასცეს გამოცდის ოქმი სერტიფიკაციისათვის;
ც) სერტიფიცირება – დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება;
ძ) სერტიფიკაციის ორგანო – საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ამ რეგლამეტის შესაბამისად აკრედიტებულია და უფლებამოსილია მოახდინოს პროდუქციის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება და გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი;
წ) საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელი – სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ერთიანი ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც იქმნება ადგილობრივი, მობილური, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტით მომსახურების მიმწოდებელი კავშირგაბმულობის ოპერატორების კანონით დადგენილი წესით ურთიერთჩართვის შედეგად;
ჭ) სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი – დანადგარი ან მისი კომპონენტი, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელის ინტერფეისს;
ხ) საქსტანდარტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო;
ჯ) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარზე;
ჰ) სერტიფიკაციის სისტემა – სისტემა, რომელსაც აქვს სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო პროცედურებისა და მართვის საკუთარი წესები;
ჰ1) სტანდარტი – სტანდარტი – უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესების და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;
ჰ2) ურთიერთშენაცვლებადობა – ერთი პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების უნარი, გამოყენებულ იქნეს სხვა პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების ნაცვლად ერთი და იმავე მოთხოვნების შესასრულებლად;
ჰ3) შესაბამისობის ნიშანი – დადგენილი წესით დაცული ნიშანი, რომელსაც ადებენ პროდუქციას იმის საჩვენებლად, რომ მან გაიარა სერტიფიკაცია;
ჰ4) შეთავსებადობა – პროდუქციის, ექსპლუატაციის პროცესის ან მომსახურების ვარგისიანობა გარკვეულ პირობებში ერთობლივი გამოყენებისათვის, რაც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს და არ იწვევს არასასურველ ურთიერთქმედებას;
ჰ5) CE – ევროპულ ჰარმონიზირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშანი, რომელიც აღნიშნავს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებული პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება შეესაბამება ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებს;
ჰ6) GES – შესაბამისობის ნიშანი, რომელიც აღნიშნავს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებულ პროდუქციას, პროცესს ან მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გავლილი აქვს შესაბამისობის დადასტურების პროცედურა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2004
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ძირითადი დებულებები
- მუხლი 2. მიზანი
- მუხლი 3. გამოყენება
- მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები
- მუხლი 6. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლები
- მუხლი 7. ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები
- მუხლი 8. შესაბამისობის დადასტურება ევროპაში და CE ნიშანდება
- მუხლი 9. შესაბამისობის დადასტურება საქართველოში
- მუხლი 10. GES ნიშანდება
- მუხლი 11. შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურა
- მუხლი 12. ტესტირება შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის დროს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №2, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 320060000.17.010.006968 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195888/muxli-4/