1. რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის CE შესაბამისობის ნიშანდებით, მწარმოებელი ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დანადგარი აკმაყოფილებს 1999 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტისა და ევროპის კავშირის საბჭოს მიერ მიღებულ და საქართველოს მიერ აღიარებულ „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარებისა და მათი ორმხრივი შესაბამისობის დადასტურების შესახებ“ დირექტივის ძირითად მოთხოვნებს და მასზე შესრულებულია ამ დირექტივით განსაზღვრული შესაბამისობის დადასტურების პროცედურა.
2. CE ნიშანდებას თან ერთვის ევროკავშირის შესაბამისი შემტყობინებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი. რადიოდანადგარს დამატებით თან ერთვის დანადგარის კლასის იდენტიფიკატორი, თუ მას ასეთი იდენტიფიკატორი აქვს მინიჭებული. დანადგარს შეიძლება ერთოდეს სხვა ნიშანი, რომელიც ხელს არ უშლის CE ნიშანდების აღქმას. აკრძალულია დანადგარს ერთოდეს სხვა ნიშანდება, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს პირი CE ნიშანდების ამოცნობის დროს ან ერთოდეს CE ნიშანდება ამ რეგლამენტით განსაზღვრულისგან განსხვავებული შინაარსით.
3. რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი იდენტიფიცირებული უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ მისი ტიპის, ჯგუფისა ან/და სერიული ნომრის მითითებით, მწარმოებლის ან/და ბაზარზე განმთავსებლის სახელის აღნიშვნით.
4. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი, აგრეთვე პირი, რომელიც პასუხისმგებელია CE ნიშანდებული რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე, ადგენს დანადგარის შესაბამისობის დადასტურების დეკლარაციის მოკლე ფორმას, აგრეთვე ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის დადასტურების დოკუმენტაცია პროდუქციის წარმოებიდან, შემოტანიდან ან ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის მანძილზე