1. საარბიტრაჟო პალატა საქმეებს განიხილავს კანონის, მხარეთა შეთანხმებითა და ამ დებულებით დადგენილი იმ წესების მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის ან არბიტრაჟის მიერ კონკრეტული მოქმედების განხორციელების დროს.
2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ დებულების და კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. საქმის განხილვას არბიტრაჟი შეუდგება იმ პირის სარბიტრაჟო სარჩელის საფუძველზე, რომელიც მიმართავს მას.
4. საარბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს პალატის თავმჯდომარე, საარბიტრაჟო სარჩელის და საარბიტრაჟო სარჩელზე საარბიტრაჟო პასუხის საფუძველზე.
5. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა შეიძლება ამ დებულებით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
6. სარბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღების შემთხვევაში ეს დებულება განიხილება, როგორც საარბიტრაჟო შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. ამასთან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება ამ დებულების რომელიმე წესს, მოქმედებს ამ დებულების შესაბამისი წესი.
7. თუ ოდესმე აღმოჩნდება, რომ ამ დებულების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან იურიდიული ძალის არმქონეა, ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მისი დანარჩენი ნაწილებისა და მთლიანად დებულების იურიდიულ ძალასა და გამოყენებადობაზე.
8. საქმის გარემოებათა გასარკვევად და სწრაფად განხილვის მიზნით არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით ან ამ დებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
9. საარბიტრაჟო განხილვისას არბიტრაჟი გამოიყენებს მხარეთა შეთანხმებაში მითითებულ სამართალს, ხოლო თუ ამის შესახებ მხარეთა შეთანხმება არ არის – საქართველოს სამართალს.
10. საარბიტრაჟო განხილვა ხდება იმ ენაზე, რომელსაც მხარეები მიუთითებენ საარბიტრაჟო შეთანხმებაში. თუ მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებაში აღნიშნული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ენა, განხილვა ხდება ქართულ ენაზე. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.
11. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობით ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
12. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟს შეუძლია შეიკრიბოს ნებისმიერ ადგილას, თავის წევრებს შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა დასათვალიერებლად.
13. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია პალატის იურიდიული მისამართი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებული ადგილი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა, საარბიტრაჟო განხილვის ადგილად მიიჩნევა პალატის იურიდიული მისამართი.
14. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
15. ამ დებულების რომელიმე პუნქტის განმარტების, აგრეთვე ამ დებულებით მოუწესრიგებელი საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს პალატის თავმჯდომარეს არბიტრის ან ერთ-ერთი მხარის მიმართვის საფუძველზე