1. არბიტრაჟი შედგება ერთი წევრისაგან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟის რაოდენობა განისაზღვრება პალატის დებულების შესაბამისად.
3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის რაოდენობა ლუწია, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. არბიტრები ინიშნებიან პალატის წევრთა სიიდან, რომელსაც ამტკიცებს პალატის თავმჯდომარე.
5. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში არბიტრს (არბიტრებს) ნიშნავს პალატის თავმჯდომარე.
6. თუ მხარე არ დანიშნავს არბიტრს (არბიტრებს) მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში, ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უარის თქმად.
7. თუ მხარე უარს ამბობს არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე, ან საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი არბიტრით, არბიტრს ნიშნავს პალატის თავმჯდომარე.
8. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეები არ ნიშნავენ არბიტრებს, პალატის თავმჯდომარე არბიტრს ნიშნავს სარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლიდან 15 დღის ვადაში. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში დადგენილია არბიტრების დანიშვნის ვადა, მხარე ვალდებულია ამ ვადაში დანიშნოს არბიტრი (არბიტრები), ხოლო თუ ასეთი ვადა განსაზღვრული არ არის, მხარემ არბიტრი (არბიტრები) უნდა დანიშნოს არა უგვიანეს 30 დღისა მოთხოვნის ჩაბარების დღიდან.
9. თუ არბიტრთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ არბიტრაჟმა შექმნიდან 5 დღის ვადაში ერთ-ერთი მათგანი უნდა დანიშნოს თავის თავმჯდომარედ. არბიტრაჟის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მხარის მიერ დანიშნული არბიტრი.
10. პალატის თავმჯდომარეს უფლება აქვს უფლებამოსილება შეუწყვიტოს დანიშნულ არბიტრს, თუ:
ა) არბიტრმა წერილობით განაცხადა, რომ არ სურს თავისი ფუნქციების შესრულება;
ბ) არბიტრმა განაცხადა თვითაცილება, ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებამოსილება;
გ) არბიტრმა დაარღვია ხელშეკრულება, ან სამართლიანად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს.
11. მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.
12. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან ხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევაში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამისილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.
13. არბიტრაჟის წევრის (წევრების) შეცვლის შემთხვევაში არბიტრაჟის ახალი წევრი (წევრები) ინიშნება იმავე წესით, როგორითაც არბიტრაჟის შესაცვლელი წევრი (წევრები).
14. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს არბიტრის აცილება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები. აცილება შეიძლება გაცხადებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არბიტრი არ ფლობს იმ კვალიფიკაციას, რომელიც მხარეთა შეთანხმებით არის განსაზღვრული.
15. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შემდეგ.
16. მხარეებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.
17. მხარის მიერ არბიტრის აცილების შემთხვევაში განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული აცილების საფუძვლებით
18. აცილების საკითხს არბიტრაჟი წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან განცალკევებით.
19. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვითონ ეს არბიტრი. აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა პალატის თავჯდომარეს, რომელიც საქმეს გადასცემს სხვა არბიტრს.
20. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს, მაშინ ამ არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტენ ამ არბიტრაჟის სხვა დარჩენილი არბიტრები.
21. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მათ უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით. აცილების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა პალატის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს გადასცემს სხვა კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობას.
22. ამ პუნქტში აღნიშნული საფუძვლით შეიძლება აცილებულ იქნეს ექსპერტი და სპეციალისტი. ამ შემთხვევაში აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი