ვალის მართვის №4 სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ერთიანი ელექტრონული ბაზიდან დავალიანების მქონე გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
ბ) გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის წარმოება;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა), 241-ე მუხლით გათვალისიწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (ქონებაზე ყადაღის დადება), 243-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საინკასო დავალება) და 244-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება) განხორციელების მიზნით გადასახადის გადამხდელთა შესწავლა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემა;
დ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება;
ე) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებისა და ყადაღის დადების უზრუნველყოფა, მათ შორის, ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის დადება და ამავე კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება;
თ) ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა;
ი) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის საგადასახადო ორგანოს თანხმობით რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა, მიზანშეწონილობის განსაზღვრა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
კ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალება და ყადაღა, ქონებაზე ყადაღა) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ლ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებათა/ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;
ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;
ო) პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის გამოვლენა და „საგადასახადო მოთხოვნის“ გადასახადის გადამხდელისთვის/სხვა ვალდებული პირისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
პ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა;
ჟ) ყადაღადადებული ქონების (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) აუქციონზე რეალიზაციის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მასალების დეპარტამენტის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა;
რ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;
ს) ყადაღადადებულ მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების), ასევე მალფუჭებად საქონლზე ყადაღის დადების შესახებ მასალების/ინფორმაციის (რაც აუცილებელია ინტერნეტაუქციონის გამოცხადებისთვის) ფინანსური დეპარტამენტისათვის წარდგენას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარმოდგენა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №17182 - ვებგვერდი, 06.07.2022