1. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა ხორციელდება კანონის 22-ე მუხლით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. განაცხადზე დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუშვებელია ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული გამოქვეყნების გადადება.
3. განაცხადს დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნით უდასტურდება შეტანის თარიღი და მისი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში, თუ გადახდილია დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი შესაბამისი საფასური.
4. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეიცავს 50-ზე მეტ დიზაინს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე.
5. თუ განაცხადი წარდგენილია კანონისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.
6. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და ხარვეზის შესავსებად ეძლევა შეტყობინების ჩაბარებიდან 15 დღე. თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს დადგენილ ხარვეზს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს კანონით და ამ ინსტრუქციით დადგენილი ჩვეულებრივი წესით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქპატენტის მიერ გამოტანილ იქნება გადაწყვეტილება დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, განმცხადებელს უბრუნდება გადახდილი დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის 50%.
8. საქპატენტი დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში, აქვეყნებს რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას, დაჩქარებული რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
9. კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება