1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურისას გამოიყენება ამ კანონის II თავით დადგენილი წესი.

2. განმცხადებელს განაცხადის შეტანისას ან განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია მოითხოვოს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება.

21. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურიდან ამ თავით გათვალისწინებულ პროცედურაზე გადასვლა ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე, დიზაინის რეგისტრაციამდე.

3. განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა დაერთოს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ყველა საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური.

4. თუ განმცხადებელს სურს ისარგებლოს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პრიორიტეტებით, განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა დაერთოს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური.

5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალას აკლია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალდებულია 15 დღის ვადაში წარადგინოს ეს საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით.

6. თუ განაცხადი დაჩქარებული ექსპერტიზის მოთხოვნით აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, საქპატენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ატარებს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვა-ლისწინებულ არსობრივ ექსპერტიზას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში, აქვეყნებს რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას.

7. დიზაინის რეგისტრაციის შესახებ მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სააპელაციო პალატაში შეიტანოს სააპელაციო საჩივარი ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით.

8. დიზაინის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ, თუ საქპატენტში შეტანილი იქნება უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებული დიზაინის მიმართ იარსებებს ამ კანონის მე-10 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება დიზაინის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საჩივრდება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025