1. აკადემია ანგარიშვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – საგენტო) წინაშე, „უმაღლესი განათლების შესახებ" და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
2. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.
3. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა, მათ შორის,დამხმარე სამეწარმეო და საგამომცემლო საქმიანობა.
4. აკადემიას აქვს მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. აკადემიას აქვს საკუთარი სიმბოლიკა (გერბი, დროშა, ჰიმნი).
6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, 6010, ქ. ბათუმი, რუსთაველის გამზირი №5