1. მიწათსარგებლობის ზონირების დოკუმენტი მოიცავს:
ა) ზოგადფუნქციურ ზონებს;
ბ) ტერიტორიულ – სტრუქტურულ ზონებს;
გ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებს;
დ) კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს.
2. უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით ურეკის ტერიტორია იყოფა:
ა) გენერალური გეგმის შესაბამის შემდეგ ზოგადფუნქციურ ზონებად:
ა.ა) საცხოვრებელი ზონა;
ა.ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა;
ა.გ) სამრეწველო ზონა;
ა.დ) სარეკრეაციო ზონა;
ა.ე) გენერალურ გეგმაში ასახული სხვა ზონები;
ბ) დეტალური ან/და დამოუკიდებელი სავალდებულო რუკებით განსაზღვრული კონკრეტული ფუნქციური ქვეზონები.
3. ზოგადფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება გენერალური გეგმის შესაბამისი უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში.
4. ამ წესებით უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დგინდება კონკრეტული ფუნქციური ქვეზონების შემდეგი სახეობები:
ა) საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2)
_ სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპის დაცვით;
ბ) საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)
_ მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპის დაცვით;
გ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) – საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე;
დ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2) – ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი ტიპის შენობა-ნაგებობების განთავსება;
ე) სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) – ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის, ტროტუარებს), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებსა და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს);
ვ) სამრეწველო ზონა 1 (ს-1) – ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები.
5. კონკრეტული ფუნქციური ზონირების ასახვა ხდება უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელ ან დეტალურ სავალდებულო რუკებში