ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი - კომპრესორული და აბსორბული ტიპის დანადგარი, რომელიც გამოიყენება ტემპერატურის შემცირებისა და შენარჩუნებისათვის, ხოლო გაციების აგენტად გამოიყენება ამიაკი. იგი შედგება კომპრესორის, კონდენსატორის, ამაორთქლებლისა და ჭურჭლებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია მილსადენებით

ბ) მოწყობილობა - სამაცივრო დანადგარი, მისი შიდა სტრუქტურის მქონე ხელოვნურად შექმნილი ობიექტები და დანადგარის დამხმარე ინფრასტრქუტურა, მათ შორის რადიატორი, ჭურჭლები, საკომპრესორო დანადგარები, მილსადენები და სხვა.

გ) მფლობელი - პირი, რომელიც ფლობს ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარს.

დ) დაცვის ინდივიდუალური საშუალება - ფიზიკური პირის დაზიანებისაგან, მათ შორის ტრამვისაგან ან ინტოქსიკაციისაგან, დაცვის საშუალება.

ე) გარსაცმი - კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც გამოიყენება მილსადენის გარეგანი დაზიანებისაგან, მათ შორის კოროზიისაგან, ტემპერატურული ცვლილებისაგან და მექანიკური დაზიანებებისაგან,  დასაცავად.

ვ) ავტომატური ხელსაწყოები - ხელსაწყოები, რომელთა საშუალებით ხორციელდება სამაცივრო დანადგარის ელემენტების მართვა (რეგულირება, სიგნალიზაცია, დაცვა) მომსახურე პერსონალის ჩარევის გარეშე.

ზ) ჭურჭელი - კორპუსი, სხვა მოწყობილობებთან უშუალოდ დამაკავშირებელი ელემენტების ჩათვლით, რომელიც დაპროექტებულია და აგებულია დენადი არეების შესანახად და მისაწოდებლად, ასევე წნევის ქვეშ მოსათავსებლად.

თ) მოწყობილობის განყოფილება - სპეციალური შენობა, რომელშიც განლაგებულია სამაცივრო დანადგარის მოწყობილობები და ტუმბოები.

ი) რადიატორი - გლუვი ან შეწიბოებული მილებისაგან შემდგარი თბოგამანაწილებელი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შენობის გასაცივებლად ჰაერის ბუნებრივი ცირკულაციის პირობებში.

კ) მაცივებელი აგენტის (ამიაკის) ზედა მიწოდება - მიწოდების გზა, რომლითაც ხორციელდება თხევადი მაცივებელი აგენტის რადიატორის ან ჰაერგამაცივებელის ზედა ნაწილში მოხვედრა.

ლ) ჰაერგამაცივებელი - წიბოვანი მილებისაგან შემდგარი თბოცვლის დანადგარი, რომელიც განკუთვნილია შენობის გასაცივებლად ჰაერის იძულებითი ცირკულაციის დროს.

მ) გამოსაცდელი წნევა - მოწყობილობისა და მილსადენების სისტემის სიმტკიცეზე გამოსაცდელი წნევა.

ნ) საშიში სამუშაო რეჟიმი - ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხდება საქართველოს სტანდარტის მიხედვით დადგენილი ტექნიკური პარამეტრის დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დანადგარის დაზიანება ან ავარია.

ო) სამაცივრო დანადგარში გამოყენებული ამაორთქლებელი - თბომცვლელი მოწყობილობა,  რომელშიც თბომატარებლის გაცივება ხორციელდება მაცივებელი აგენტის დუღილის ხარჯზე.

პ) დამცავი სარქველი - სარქველი, რომელიც იხსნება ჭურჭელში ან რადიატორში  წნევის სიმტკიცეზე გამოსაცდელ წნევაზე მეტად გაზრდისას, რათა მოხდეს მაცივებელი აგენტის გადაშვება დაბალი წნევის ზონაში ან ჰაერში გაშვება.

ჟ) კონდენსატორი - თბოცვლის მოწყობილობა, რომელშიც ხორციელდება მაცივებელი აგენტის ორთქლის კონდენსაცია (გათხევადება).

რ) ზეთგამომყოფი - მაცივებელი აგენტის ორთქლიდან საპოხი ზეთის გამომყოფი მოწყობილობა.

ს) სამანქანო განყოფილება - სპეციალური შენობა, რომელიც განკუთვნილია სამაცივრე კომპრესორების ან კომპრესორების, მოწყობილობის და ტუმბოების ერთობლივად განსათავსებლად.

ტ) მაცივებელი აგენტის ქვედა მიწოდება - მიწოდების გზა, რომლის დროსაც თხევადი მაცივებელი აგენტი მიეწოდება რადიატორის ან ჰაერგამაცივებელის ქვედა ნაწილს.

უ) უკუსარქველი - სარქველი, რომელიც ეწინააღმდეგება მაცივებელი აგენტის უკუსვლას, მაგალითად, კონდენსატორიდან საჭირხნ მილსადენში.

ფ) სითხის გამცალკევებელი - ჭურჭელი, რომელიც გამოაცალკევებს მაცივებელი აგენტის თხევად ნაწილაკებს კონდენსატორში შესაწოვი ორთქლისაგან.

ქ) გამაცივებელი მოწყობილობა - თბომცვლელი მოწყობილობა (რადიატორი,  ჰაერგამაცივებელი), რომლითაც ხორციელდება შენობის გაცივება.

ღ) მარეგულირებელი სადგური - მარეგულირებელი და ჩამკეტი სარქველები, რომლითაც რეგულირდება მაცივებელი აგენტის მიწოდება ასაორთქლებელ სისტემაში.

ყ) სადრენაჟო რესივერი - ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია, სამაცივრო დანადგარის გამაცივებელი მოწყობილობებიდან თხევადი მაცივებელი აგენტის დროებით მისაღებად და შესანახად (გალღობისას, რემონტის დროს და ა.შ.).

შ) ხაზოვანი რესივერი - ჭურჭელი,  რომელშიც ხორციელდება თხევადი მაცივებელი აგენტის მიღება კონდენსატორიდან.

ჩ) დამცავი რესივერი - ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია შესაწოვ ორთქლთან ერთად შემავალი თხევადი მაცივებელი აგენტის მისაღებად და კომპრესორის ჰიდრავლიკური დარტყმისაგან დასაცავად.

ც) გაჟონვის სიგნალიზატორი - ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის განთავსების შენობაში, ასევე სხვა ადამიანთა დაშვების ადგილებში, ამიაკის ორთქლის კონცენტრაციის (როდესაც კონცენტრაცია მეტია 0.5-1 მგ/ლ ან შესაბამისი საქართველოს სტანდარტით გათვალისწინებული კონცენტრაციის სიდიდის შემთხვევაში) დასაშვები სიდიდეების გადაჭარბების/დარღვევის შემთხვევაში სიგნალიზაციისა და შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის ჩასართავად.

ძ) ავარიული კონცენტრაციის სიგნალიზატორი - ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის განთავსების შენობაში, ასევე ადამიანთა დაშვების სხვა ადგილებში, ამიაკის ორთქლის კონცენტრაციის დასაშვები სიდიდის გადაჭარბების/დარღვევის შემთხვევაში - (1.5 მგ/ლ ან შესაბამისი საქართველოს სტანდარტით გათვალისწინებული კონცენტრაციის სიდიდის შემთხვევაში) სიგნალიზაციის ჩასართავად, ასევე მთელი სამაცივრო დანადგარის ელექტროკვების ავარიული გამორთვისათვის და იმავდროულად ავარიული ვენტილაციის ჩასართავად.

წ) უშუალო გაცივების სისტემა - სისტემა, რომელშიც გასაცივებელი ობიექტიდან სითბო თბომცვლელი მოწყობილობით გადაეცემა უშუალოდ მაცივებელ აგენტს (ამიაკს).

ჭ) თხევადი მაცივებელი აგენტის დონის მაჩვენებელი - ხელსაწყო, რომელიც გვიჩვენებს ჭურჭელში თხევადი მაცივებელი აგენტის დონეს.

ხ) მეხდაცვის სისტემა - ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული გარემოს ხელოვნური ან ბუნებრივი საშუალებებით მეხისაგან დაცვას.

ჯ) ექსპლუატაცია - მოწყობილობის მიზნობრივი გამოყენება.

ჰ) საქართველოს სტანდარტი - ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილების საშუალება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე, ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიე