პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ,,პროფესიული განათლება დასაქმებისათვის” დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №113
2008 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ,,პროფესიული განათლება დასაქმებისათვის” დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს თანდართული პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ,,პროფესიული განათლება დასაქმებისათვის”.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (გ. ნოდია) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებელი შესრულებისათვის.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სასწავლებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის (ნებართვების) გაცემა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო
პროგრამა
,,პროფესიული განათლება დასაქმებისათვის”
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის როლის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული უნარისა და ცოდნის შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადეკვატურად მომზადებული კადრებით. პროექტის მიზნის მისაღწევად ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ობიექტების პირობადებულ (პროფესიული სასწავლებლის მოწყობა) საკუთრებაში გადაცემა.
მუხლი 2. პროექტის ამოცანები
– საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 50 პროფესიული მომზადება-გადამზადების ცენტრის შექმნა ინვესტიციების მოზიდვის გზით;
– საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება;
– სასწავლებლების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულნიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე;
– თანამედროვე სტანდარტებით კვალიფიციური კადრების მომზადება როგორც გრძელვადიანი პროგრამებით, ისე პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსებით.
მუხლი 3. პროექტის არსი
ინტერესთა გამოხატვის გზით კონკურენტული შერჩევის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შეარჩევს იმ წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც ჩამოყალიბდება მოთხოვნები ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ან უკვე არსებულ პროფესიულ სასწავლებელზე და აღნიშნული პირობებით განხორციელდება კერძო პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება.
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის სავალდებულო პირობები
1. სწავლების პროცესის დაწყება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
2. პროფესიული განათლების ცენტრის ფუნქციონირება პროფილის მიხედვით სწავლების პროცესის დაწყებიდან არა ნაკლებ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.
3. სწავლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს შეუფერხებლად და გამართულად.
4. სწავლების (მომზადება, გადამზადება) დასრულებისას უნდა გაიცეს სათანადო სერტიფიკატი.
5. პროფესიული განათლების ცენტრის საქმიანობის სათანადო რეკლამირება.
მუხლი 5. პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ან პირთა გაერთიანებებს, რომელთა ბრუნვა 2007 წელს აღემატება 500 000 ლარს.
თუ პრეტენდენტის ბრუნვა 2007 წელს არ აღემატება 500 000 ლარს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის აუცილებელია საბანკო გარანტიის წარმოდგენა 50 000 ლარის ოდენობით.