ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე;
ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია;
დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას;
ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი;
ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს;
ზ) გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.