1. სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან (გარდა სამინისტროს საჯარო მოხელისა, რომელიც მიიღება 21 წლის ასაკიდან) საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების,  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია  შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

2. სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება ხდება სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის  წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას ან რიგითების, კაპრალების ან/და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას ან/და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან

ბ.ბ)  სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სპეციალური ან სამხედრო წოდებით, ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის და სამოქალაქო პირის მიმართაც.

5. სახანძრო-სამაშველო, საბრძოლო ან/და ობიექტების დაცვის (გარდა სსიპ – სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა/შემდგომში – დაცვის პოლიცია/) დანაყოფებში განყოფილების უფროსის თანამდებობის ჩათვლით შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.

6. სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი).

7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, მინისტრის მიერ ან უშუალოდ მისი თანხმობით, პირი შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშეც.

8. საქართველოს მოქალაქეთა პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია პოლიციაში (მსახურობს სამინისტროში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება