1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის  ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს  მიმართვები, საჩივრები და განცხადებები;

დ) დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;

ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სარგებლის მისაღებად.

3. სამინისტროს მოსამსახურემ არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

4. სამინისტროს მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას დაზარალებულთა და მოწმეთა, აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, დაკითხვაზე მყოფ პირთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი და აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა და დაკითხვაზე მყოფ პირთა უსაფრთხოება.

5. სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას სამინისტროს მოსამსახურემ იძულების ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. სამინისტროს მოსამსახურე უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს იძულების ღონისძიების განხორციელების შედეგად დაზიანებული პირისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

6. სამინისტროს მოსამსახურემ არ უნდა წამოიწყოს, წააქეზოს ან დაუშვას წამების ან სხვაგვარი სისასტიკის ნებისმიერი აქტი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

7. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაეხმაროს  მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში.

8. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის მინისტრის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

9. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.

10. იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება.

11. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების  დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულება გამოიწვევს გარკვეული წინააღმდეგობას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.

13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით სამინისტროს მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. სამინისტროს მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სამინისტროს მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხ