1. ჭექა-ქუხილისას ატმოსფერული პოტენციალის მიწისქვეშა გვირაბში შეღწევისგან დაცვა უნდა განხორციელდეს მაღაროს მიწისზედა შენობების და მიწისქვეშა ნაგებობების მეხდაცვის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. მშენებარე და სარეკონსტრუქციო მაღაროების ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა დენმიმღებების განკერძოებული კვების სქემების შესაბამისად. მიწისქვეშა პირობებისათვის ელექტრომომარაგების წრიული სქემების გამოყენება აკრძალულია.
3. მაღაროებში აკრძალულია ყრუ დამიწების ნეიტრალიანი ტრანსფორმატორების ქსელის გამოყენება. გამონაკლისია სპეციალური ტრანსფორმატორი, რომელიც გამოიყენება ელმავლების საკონტაქტო ქსელების გარდამქმნელი მოწყობილობის კვებისათვის. სხვა მომხმარებლების და მოწყობილობის ასეთ ტრანსფორმატორებთან მიერთება აკრძალულია.
4. ელექტროდენით დაშავებისგან ადამიანების დაცვა უნდა განხორციელდეს დამიწებით. ამასთან, მიწისქვეშა დანადგარში გამოყენებული უნდა იქნეს აპარატი (გაჟონვის რელე), რომელიც ავტომატურად გამორთავს ქსელს დენის სახიფათო გაჟონვის დროს. დაზიანებული ქსელის გამორთვის საერთო დრო 660 ვ ძაბვაზე და საკონტაქტო ქსელისათვის არ უნდა აღემატებოდეს 0,2 წმ-ს, ხოლო 1000 ვ ძაბვის შემთხვევაში _ 0,12 წმ-ს. სამუხტავ ქსელში გაჟონვის რელეს გამორთვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 0,2 წმ.
5. ზედაპირულ ტრანსფორმატორზე, რომელიც კვებავს ისეთ მიწისქვეშა ელექტრულ ქსელს, რომელიც აღჭურვილია დენის გაჟონვისგან დაცვით, გამრღვევი მცველების დაყენება აუცილებელი არაა.
6. ახალი და რეკონსტრუირებული მაღაროების ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა ელექტრომომხმარებლების განკერძოებული მკვებავი სქემით. მიწისქვეშა პირობებისათვის ელექტრომომარაგების წრიული სქემების გამოყენება აკრძალულია.
7. 1000 ვ ძაბვის ელექტრომომარაგების დისტანციური, ტელემექანიკური და ავტომატური მართვა ნებადართულია მხოლოდ ისეთი ბლოკირების არსებობისას, რომელიც მაქსიმალური დენური დაცვის ამოქმედებისას და მიწასთან მიმართებაში დაბალი წინაღობის იზოლაციის შემთხვევაში არ დაუშვებს ხაზის და ელექტრომიმღების ჩართვას. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ცენტრალური მიწისქვეშა ქვესადგურის მიწისქვეშა მანაწილებელი პუნქტების მკვებავ ხაზებზე და მიწისქვეშა მანაწილებელ პუნქტებზე.
8. თუ ცენტრალურ მიწისზედა ქვესადგურს არ ემსახურება ოპერატიული პერსონალი, სამთო დისპეტჩერთან უნდა არსებობდეს მოკლე შერთვისგან დაცვის სიგნალიზაცია.
9. ყოველ უბანზე, გამოსაჩენ ადგილზე გამოკრული უნდა იყოს საწმენდი კომპლექსის ან კომბაინის ელექტრომომარაგების სისტემის სტრუქტურული სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ცალკეული საკომუტაციო აპარატურის და სისტემის სხვა საშუალებების განთავსება.
10. საკომუტაციო აპარატი, კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა და მართვის სადგურის ძალური გამომყვანი აღნიშნული უნდა იყოს ჩასართავი დანადგარის ან უბნის, აგრეთვე, მაქსიმალური დენური დაცვის ამოქმედების სიდიდის აღმნიშვნელი წარწერებით.
11. ელექტრული დაცვის აპარატურის განყოფილებების სახურავები, ბლოკირების და რეგულირების მოწყობილობა უნდა დაილუქოს სახელობითი ლუქით.
12. აკრძალულია:
ა) ელექტრომოწყობილობის და ქსელის მომსახურება და რემონტი აღნიშნული სამუშაოებისათვის განკუთვნილი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გარეშე;
ბ) დამცავი საშუალებების (დიელექტრიკული ხელთათმანი, ბოტი ან საიზოლაციო ქვესადგამი) გარეშე, სულ ცოტა, 1000 ვ ძაბვის ელექტროდანადგარების ოპერატიული მომსახურება;
გ) ელექტროდანადგარების ოპერატიული მომსახურება და მართვა გაჟონვის რელეს დაცვის და დიელექტრიკული ხელთათმანის გარეშე. აღნიშნული აკრძალვა არ ეხება 42 ვ-მდე ძაბვის ელექტრომოწყობილობას და სატელეფონო კავშირის აპარატურას;
დ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის და კაბელების რემონტი, აგრეთვე, ხელსაწყოების შეერთება და გათიშვა, გარდა 42 ვ-მდე ძაბვის მოწყობილობისა;
ე) ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია უწესივრო ბლოკირების, დამიწების, დაცვის აპარატის, დაზიანებული მართვის და დაცვის სქემების და კაბელის შემთხვევაში;
ვ) გამოუყენებელი (სარეზერვოს გარდა) ელექტრული ქსელის ძაბვის ქვეშ დატოვება;
ზ) ელექტრომოწყობილობის გარსის ხუფების გაღება ძაბვის წინასწარი მოხსნის გარეშე;
თ) ელექტრომოწყობილობის სქემის, ქარხნული კონსტრუქციის, მართვის, დაცვის და კონტროლის აპარატურის სქემების, აგრეთვე, დაცვის მოწყობილობის გრადუირების შეცვლა;
ი) აპარატიდან ნიშნის, წარწერის და ლუქის ახსნა სათანადო ნებართვის გარეშე;
კ) ელექტროქსელის ჩართვა კაბელის ძარღვების იზოლაციის დაზიანებისა და შლანგური გარსის გაგლეჯის შემთხვევაშ