1. საკონვეიერო დანადგარს უნდა ჰქონდეს:
ა) მოწყობილობა მთელ სიგრძეზე ნებისმიერი წერტილიდან კონვეიერის ავარიული გაჩერებისათვის;
ბ) სიგნალიზაცია ამუშავების დაწყებაზე;
გ) მოწყობილობა, რომელიც ჩართული ამძრავისას ლენტის გაჩერების შემთხვევაში გამორთავს კონვეიერს;
დ) მოაჯირით შემოღობილი გადასასვლელი ბოგები.
2. ლენტური კონვეიერი აღჭურვილი უნდა იყოს:
ა) ლენტის გვერდითი აცდენის გადამწოდით, რომელიც გამორთავს კონვეიერის ამძრავს სიგანის 10 %-ზე მეტად ლენტის გვერდზე გადაადგილებისას;
ბ) გადატვირთვის ადგილებში მტვერჩახშობის საშუალებებით;
გ) ლენტის და დოლის გამწმენდი მოწყობილობით, რომლის წესივრულობა შემოწმებული უნდა იქნეს ყოველ ცვლაში ტექნიკური ზედამხედველი პირის მიერ.
დ) ლენტის გაწყვეტისას სატვირთო შტოს დამჭერი მოწყობილობით და აპარატით, რომელიც 100-ზე მეტი დახრის კუთხის გვირაბში აკონტროლებს ლენტის გვარლების მთლიანობას;
ე) დაცვის საშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს კონვეიერის გამორთვას გადატვირთვის ადგილებში გადასაზიდი მასალის სიმაღლის დასაშვები დონის გადაჭარბებისას, ლენტის სიჩქარის ნომინალური სიჩქარის 75 %-მდე შემცირებისას (წაბუქსავებისას), საბრემსბერგო კონვეიერების ლენტის ნომინალური სიჩქარის 8 %-ით გაზრდისას;
ვ) ამძრავი, დამჭიმი, გადამხრელი და ბოლო სადგურების შემოღობვით, რაც კონვეიერის მუშაობის დროს გამორიცხავს დოლებთან დაბნეული მასალის ხელით აწმენდას;
ზ) სამუხრუჭო მოწყობილობით;
3. საკონვეიერო ხაზის ავტომატურმა ან დისტანციური ავტომატიზებული მართვის აპარატურამ უნდა უზრუნველყოს:
ა) ყოველი მომდევნო კონვეიერის ხაზში ჩართვა მხოლოდ წინა კონვეიერის წევის ორგანოს მოძრაობის ნომინალური სიჩქარის დადგენის შემდეგ;
ბ) ყველა კონვეიერის გამორთვა, რომელსაც გადააქვს ტვირთი გაჩერებულ კონვეიერზე, ხოლო ხვეტია კონვეიერების ხაზში ერთ-ერთი მათგანის უწესივრობისას _ წინა კონვეიერის გამორთვაც;
გ) ადგილობრივი ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს კონვეიერის ამუშავებას მართვის პულტიდან;
ე) ორმხრივი სატელეფონო, ხმამაღლამოლაპარაკე ან სხვა კავშირი კონვეიერის ამძრავის დაყენების პუნქტებსა და მართვის პულტს შორის;
ვ) კონვეიერის ამუშავების ბლოკირება მოხსნილი შემოღობვისას.
4. კონვეიერით აღჭურვილ დახრილ გვირაბში დასაშვებია ლიანდაგის დაგება და ჯალამბრის დაყენება იმ მასალებისა და მოწყობილობის ტრანსპორტირებისათვის, რომელიც აუცილებელია მხოლოდ ამ გვირაბის გაყვანისა და რემონტისათვის. კონვეიერის და ჯალამბრის ერთდროული მუშაობის გამოსარიცხავად დაყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ელექტრული ბლოკირება.
5. გვირაბში ხვეტია კონვეიერის ამძრავი, დამჭიმი და ნაპირა სადგურების დასამაგრებლად, აგრეთვე სხვა სარემონტო სამუშაოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ქარხნული დამზადების მოწყობილობა.
6. საკონვეიერო დანადგარის მუშაობისას აკრძალულია:
ა) კონვეიერის რემონტი, მოძრავი დეტალების შეზეთვა და გაწმენდა მისი მუშაობისას;
ბ) ადამიანების გადაყვანა, ხე-ტყის, ზომაგრძელი მასალისა და მოწყობილობის გადატანა ამ მიზნით მოუწყობელი კონვეიერით;
გ) მოძრავი ლენტის ხელით მიმართვა.
7. კონვეიერის, მართვის აპარატურის, გორგოლაჭების, დამჭიმი და ჩასატვირთი მოწყობილობის, ლენტის და მისი პირაპირების, კონვეიერის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფი მოწყობილობის (სამუხრუჭო, ლენტის დამჭერი მოწყობილობა და სხვ.) მიმდინარე დათვალიერება, აგრეთვე სხვა მათთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დადგენილი პერიოდულობით.