1. გვირაბში ადამიანების გადაყვანა უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი და დადგენილი წესით დაშვებული სამგზავრო საშუალებებით, მათი ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციების მითითებების შესაბამისად.

2. საკონვეიერო ტრანსპორტით აღჭურვილ გვირაბებში დაუშვებელია საელმავლო ზიდვის შეთავსება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტვირთის გადაადგილება ხდება გვირაბის და კონვეიერის მომსახურებისა და რემონტის მიზნით.

3. ჰორიზონტალურ გვირაბში მასალებიანი და მოწყობილობიანი შემადგენლობის თანმხლები პირების, აგრეთვე, ცვლის განმავლობაში ცალკეული პირების გადასაყვანად, სატვირთო შემადგენლობაში დასაშვებია ერთი სამგზავრო ვაგონეტის ჩართვა. ვაგონეტი უნდა განლაგდეს შემადგენლობის თავში, ელმავლის უკან. ასეთი ვაგონეტით ადამიანების გადაყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 12 კმ/სთ-ს. დაუშვებელია სამგზავრო ვაგონეტზე მასალებიანი და მოწყობილობიანი პლატფორმის, აგრეთვე, ისეთი ვაგონეტების მიბმა, რომელთა გაბარიტებს სცილდება გადასატანი ტვირთი.

4. ჰორიზონტალურ გვირაბში ადამიანების სამგზავრო ვაგონეტებით (მატარებლით) გადაყვანისას მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 კმ/სთ-ს, ხოლო ამ მიზნით მოწყობილი სატვირთო ვაგონეტებით ადამიანების გადაყვანისას _ 12 კმ/სთ-ს.

5. დახრილ გვირაბში ადამიანების გადაყვანისას მოძრავი შემადგენლობა აღჭურვილი უნდა იყოს საიმედო და უმტყუნებო ავტომატური მოწყობილობით (პარაშუტით), რომელმაც დადგენილი სიჩქარის 25 %-ით გადაჭარბების, ბაგირის, მისაბმელი მოწყობილობის ან გადაბმის გაწყვეტისას მატარებელი (ვაგონეტი) მკვეთრი ბიძგის გარეშე უნდა გააჩეროს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ხელის ამძრავით პარაშუტის მოქმედებაში მოყვანის შესაძლებლობა.

6. დახრილ გვირაბში ადამიანების გადაყვანისთვის განკუთვნილი ვაგონეტების ექსპლუატაციაში შესვლისას, აგრეთვე, პერიოდულად, სულ ცოტა, 6 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს პარაშუტების გამოცდა მათი ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციების მითითებების შესაბამისად.

7. ვაგონეტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანების გადასაყვანად ორლიანდაგიან გვირაბში, აგრეთვე გვირაბში, რომელშიც დასაჯდომი ბაქნები განლაგებულია ერთი მხრიდან, ღიობები არასამუშაო მხრიდან და ლიანდაგთშორისი ღიობები ყრუდ უნდა დაიხუროს.

8. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი მატარებლის მოძრაობის მიმართულებით პირველი ვაგონეტი აღჭურვილი უნდა იყოს შუქსიგნალით.

9. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანი სამგზავრო ვაგონეტები ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს ორმაგი გადაბმით.

10. აკრძალულია:

ა) გვირაბში ადამიანების გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც ამ მიზნით ექსპლუატაციისათვის დადგენილი წესით არაა დაშვებული;

ბ) მატარებელში ადამიანებთან ერთად ვაგონეტების ბორტიდან გამოშვერილი სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების, ფეთქებადი და ადვილაალებადი მასალების გადატანა;

გ) სატვირთო ვაგონეტების მიბმა ადამიანების გადასაყვან შემადგენლობასთან (ნებადართულია შემადგენლობის ბოლოს ჰორიზონტალურ გვირაბში ინსტრუმენტის გადასატანად არა უმეტეს ორი ვაგონეტის მიბმა);

დ) ადამიანების გადაადგილება ელმავლით, მოუწყობელი ვაგონეტით, პლატფორმით (ბაქნით). მემანქანის ნებართვით დასაშვებია სპეციალისტებისა და ელმავლის მემანქანის სტაჟიორის ელმავლით გადაყვანა მეორე კაბინის (საჯდომის) არსებობის შემთხვევაში;

ე) შემადგენლობის მოძრაობის დროს ვაგონეტებს შორის გადასვლა.

11. სამგზავრო ვაგონეტებით ადამიანების ჩაშვებისა და აწევისთვის განკუთვნილი ბოლო კიდული ბაგირით ზიდვისას დანადგარი უნდა აღიჭურვოს იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც წაეყენება სახალხო ამწევ დანადგარს და განლაგდეს ცალკე გვირაბში. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება დახრილი გვირაბის გაყვანის და რემონტის პერიოდზე.

12. აკრძალულია ერთ დახრილ გვირაბში ადამიანების ჩასაშვები (ასაწევი) საშუალების და ტვირთების ჩასაშვები (ასაწევი) სარელსე სატრანსპორტო საშუალების ერთდროული მუშაობა, გარდა ამ გვირაბის გაყვანის და რემონტისა.

13. ადამიანების და ტვირთების ჩასაშვებად და ასაწევად ერთი ამწევი დანადგარის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ამწევი ჭურჭლების (ვაგონეტების) შეცვლა (კვლავმიბმა).

14. ბოლო კიდული ბაგირით ზიდვისას დახრილი გვირაბის გაყვანის, ჩაღრმავების და კაპიტალური რემონტის სამუშაოების დამთავრებამდე დასაშვებია გვირაბში ადამიანების ჩაშვება და აწევა გალით ან სპეციალური ვაგონეტებით (საპარაშუტო მოწყობილობის გარეშე). ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს გადაადგილების საშუალებიდან მემანქანისთვის სიგნალის მიწოდების შესაძლებლობა.

15. უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით ყოველ ცვლაში, ადამიანების გადაყვანის დაწყებამდე, დახრილ გვირაბში სამგზავრო ვაგონეტები და გალი, აგრეთვე, საპარაშუტო და მისაბმელი მოწყობილობა და კოუშთან ბაგირის ჩამაგრების ადგილი უნდა იქნას დათვალიერებული.

16. მაღაროში ბრძანებით უნდა დაინიშნოს დახრილ გვირაბებში ადამიანების გადაყვანაზე პასუხისმგებელი პირ