1. გვირაბში ადამიანების გადაყვანა უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი და ქარხნული წესით დამზადებული სამგზავრო საშუალებებით, მათი ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციების მითითებების შესაბამისად.
2. შახტზე უნდა იყოს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი და შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მთავარი საზიდი გზების სქემა, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ყველა გვირაბში ზიდვის სახეობა, საზიდი გზების, ასაქცევლების სიგრძე და მათი მოცულობა, საისრე გადამყვანები, ადამიანების ჩასხდომის (გადმოსმის) ადგილები.
3. საკონვეიერო ტრანსპორტით აღჭურვილ გვირაბებში დაუშვებელია საელმავლო ზიდვის შეთავსება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტვირთის გადაადგილება ხდება გვირაბის და კონვეიერის მომსახურებისა და რემონტის მიზნით.
4. ჰორიზონტალურ გვირაბში ვაგონეტების შემადგენლოიბით ტვირთის გადაადგილებისას შემადგენლობა არ უნდა შეიცავდეს ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილ ერთზე მეტ სამგზავრო ვაგონეტს. ვაგონეტი უნდა განლაგდეს შემადგენლობის თავში, ელმავლის უკან. ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი ვაგონეტის მომდევნო სატვირთო ვაგონეტს უნდა გააჩნდეს დამცავი საშუალებები რათა გამორიცხულ იყოს ვაგონეტიდან სახალხო ვაგონეტზე ტვირთის ცვენა.
5. ჰორიზონტალურ გვირაბში ადამიანების სამგზავრო ვაგონეტებით (მატარებლით) გადაყვანისას, მათი უსაფრთხოების მიზნით შემადგენლობის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებს.
6. დახრილ გვირაბში ადამიანების გადაყვანისას მოძრავი შემადგენლობა აღჭურვილი უნდა იყოს საიმედო და ავტომატური დამჭერი მოწყობილობით (პარაშუტით). ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ხელის ამძრავით პარაშუტის მოქმედებაში მოყვანის შესაძლებლობა.
7. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი მატარებლის პირველი ვაგონეტი (შესაბამისად მოძრაობის მიმართულებით) აღჭურვილი უნდა იყოს შუქსიგნალით.
8. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანი სამგზავრო ვაგონეტები ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს ორმაგი გადაბმით.
9. აკრძალულია:
ა) გვირაბში ადამიანების გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც ამ მიზნით ექსპლუატაციისათვის დადგენილი წესით არაა დაშვებული (ელმავლით, მოუწყობელი ვაგონეტით, პლატფორმით);
ბ) მატარებელში ადამიანებთან ერთად ვაგონეტების ბორტიდან გამოშვერილი სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების, ფეთქებადი და ადვილაალებადი მასალების გადატანა;
გ) სატვირთო ვაგონეტების მიბმა ადამიანების გადასაყვან შემადგენლობასთან;
დ) შემადგენლობის მოძრაობის დროს ვაგონეტებს შორის გადასვლა.
10. აკრძალულია ერთ დახრილ გვირაბში ადამიანების და ტვირთების გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ერთდროული მუშაობა, გარდა გვირაბის გაყვანის და რემონტისას. აკრძალულია ადამიანების და ტვირთების გადასაადგილებლად ერთი ამწევი დანადგარის გამოყენება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ამწევი ჭურჭლების (ვაგონეტების) გამოცვლა.
11. აკრძალულია ბოლოკიდული ბაგირით ზიდვისას დახრილ გვირაბში ადამიანების ჩაშვება და აწევა გალით ან სპეციალური ვაგონეტებით საპარაშუტო მოწყობილობის გარეშე გარდა, გვირაბის გაყვანისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს გადაადგილების საშუალებიდან მემანქანისთვის სიგნალის მიწოდების შესაძლებლობა. ამასთან, ამწევ ბაგირს უნდა უტარდებოდეს პერიოდული ინსტრუმენტული კონტროლი.
12. შახტში დახრილ გვირაბებში უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება