1. შახტში ჰაერის ჭავლის მოცულობა, მისი გაზომვის ხერხი და საამფეთქებლო სამუშაოების შემდეგ ჭაურში ჰაერის შედგენილობის შემოწმება, აგრეთვე შახტის სავენტილაციო გეგმის შედგენა უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და სავენტილაციო გეგმაში უნდა აისახებოდეს სამთო-ტექნიკური პირობების ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები:
ა) სავენტილაციო მოწყობილობის განლაგებაში; (კარები, ზღუდარები, კროსინგები, ფანჯრები და სხვ.);
ბ) ადგილობრივი განიავების ვენტილატორების განლაგებაში;
გ) სავენტილაციო ჭავლების მიმართულებასა და მოცულობაში (ჰაერის ჭავლის ხარჯი) მომხდარი ცვლილებები;
დ) ახლად გაყვანილი გვირაბების მიხედვით.
2. შახტში ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს ჰაერის ხარჯის, დეპრესიის და ვენტილაციის გაანგარიშება, განიავების მდგრადობის შემოწმება და შემუშავდეს განიავების უზრუნველსაყოფი ღონისძიებები.
3. ჰაერის შედგენილობის და მისი ხარჯის შემოწმება უნდა წარმოებდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, რეგლამენტისა და შემუშავებული გრაფიკის მიხედით, რომელიც უნდა გამორიცხავდეს შახტში მავნე აირების დაგროვებას .
4. ჰაერის რაოდენობისა და მეთანის შემცველობის დისტანციური კონტროლის მოწყობილობის სიგნალიზატორების დაყენების ადგილებზე ჰაერის რაოდენობისა და შედგენილობის საკონტროლო შემოწმება უნდა ჩატარდეს თვეში, სულ ცოტა, ერთხელ.
5. შახტის მთავარ შემავალ და გამომავალ ჭავლებზე ჰაერის გაზომვის ადგილები უნდა აღიჭურვოს ისეთი დანადგარებით/მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის გაზომვის სიზუსტეს.
6. III და ზეკატეგორიის აირიან შახტებში გვირაბების გაყვანისას ან/და ნახშირის მოპოვებისას მეთანის შემცველობის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ავტომატური ხელსაწყოებით.
7. პერსონალი, რომელიც III და ზეკატეგორიის აირიან შახტებში დასაქმებულია ჩიხურ, საწმენდ და გამომავალ სავენტილაციო ჭავლიან გვირაბებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური ავტომატური მეთანის სიგნალიზატორით რომელიც უნდა წარმოადგენდეს ინდივიდუალური ეკიპირების განუყოფელ ნაწილს.
8. მეთანის შემცველობის კონტროლის ავტომატურმა სტაციონარულმა აპარატურამ, მეთანის დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბებისას უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის ავტომატური გამორთვა იმ მომხმარებლებიდან, რომლებიც განლაგებულია სანგრევებში და გვირაბებში, სადაც გადის მეთანის მაღალი შემცველობის კონტროლირებადი ჰაერის ჭავლი.
9. აირიან შახტში პერიოდულად უნდა შედგეს მეთანის შრეობრივი დაგროვების მხრივ საშიში გვირაბების ნუსხა, რომელიც უნდა განახლდეს მოპოვებითი სამუშაოების გეგმების გათვალისწინებით მეთანის შრეობრივი და ადგილობრივი დაგროვების კონტროლი უნდა ჩატარდეს სათანადოდ შედგენილი პროგრამის მიხედვით.
10. ნახშირჟანგის შემცველობის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების ყველა შემთხვევა უნდა იქნეს შესწავლილი და სათანადო აქტით დაფიქსირებული.
11. შახტში ჩასული ყველა სპეციალისტი მოვალეა სამუშაო ადგილზე მისვლისას გაზომოს მეთანისა და ნახშირჟანგის შემცველობა.
12. შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს მავნე აირების მზომი ხელსაწყოების პერიოდული შემოწმება.
კარი IV
მექანიკური მოწყობილობა