1. ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის მიზანია უზრუნველყოს ცხოველთა დაკვლის რადიაციულად უსაფრთხო პროდუქტების წარმოება. ცხოველები შეიძლება დაექვემდებარონ გარეგან, შინაგან და (ან) შერწყმულ დასხივებასა და დაბინძურებას α, β, γ გამოსხივების რადიონუკლეიდებით.

2. დაზიანებული ცხოველების სახორცედ დაკვლის შესაძლებლობის, მათი დაკვლის რიგითობისა და ვადების განსაზღვრისათვის იყენებენ გამოსხივების დოზის სიდიდის განაზომების, სიცოცხლისმიერი რადიომეტრიის შედეგად ორგანიზმის ქსოვილებში რადიოაქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის მონაცემებს, 1,5 გრეიზე მეტი დოზით დასხივებისას კი კლინიკური, ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევების მონაცემებსაც. ითვალისწინებენ დაზიანებული ცხოველების სიკვდილის თავიდან აცილების აუცილებლობას, მათი დროულად გადამუშავების შესაძლებლობისა და დაკვლის პროდუქტებში რადიო-ნუკლეიდების შემცველობის სავარაუდო დონეს.

3. გარეგანი გამადასხივების შემთხვევაში ჯერ კლავენ ცხოველებს, რომელთა ორგანიზმშიც მოსალოდნელია უკიდურესად მძიმე ფორმის სხივური დაავადების განვითარება (დასხივების დოზა – 6 გრეიზე მეტი). დაკვლის ოპტიმალურ ვადად ითვლება პირველი 2-4 დღე რადიაციული დაზიანების შემდეგ. შემდეგ კლავენ იმ ცხოველებს, რომელთაც შეიძლება დაემართოთ მძიმე ფორმის სხივური დაავადება (დასხივების დოზა – 4-6 გრ). დაკვლის ოპტიმალური ვადა – პირველი 5-7 დღე-ღამე დასხივების შემდეგ. დაზიანების საშუალო ხარისხის დროს (დასხივების დოზა – 2,5-4 გრ) ცხოველებს სახორცედ კლავენ პირველი 10-12 დღე-ღამის განმავლობაში. გრეი, გრ – იონიზირებული გამოსხივების შთანთქმული დოზის ერთეული სი სისტემაში, ტოლია 1 ჯოული გამოსხივების ენერგიისა, რომელიც შთაინთქმევა 1 კგ დასხივებული ნივთიერების მიერ. 1 გრ = 100 რად. დაზიანების მსუბუქი ხარისხის შემთხვევაში (დასხივების დოზა – 1,5-დან 2,5 გრეიმდე) ცხოველების სახორცედ დაკვლის ვადები ლიმიტირებული არ არის.

4. შინაგანი და (ან) შერეული დაზიანების შემთხვევაში ცხოველების დაკვლის ვადებს ადგენენ დასხივების დოზისა და დაკვლის ისეთი პროდუქტების მიღების შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომლებიც შეიცავენ რადიონუკლეიდებს დასაშვები ოდენობით. ამ მიზნით ატარებენ კუნთოვანი ქსოვილის საორიენტაციო სიცოცხლისმიერ რადიომეტრიას. აუცილებელ შემთხვევებში სიცოცხლისმიერი რადიომეტრიის დასაზუსტებლად საკონტროლოდ კლავენ რამდენიმე ცხოველს, ატარებენ დაკვლის პროდუქტების რადიომეტრიას და განსაზღვრავენ რადიოაქტიური დაზიანებების იზოტოპურ შემადგენლობას.

5. რადიაციით დაზიანებულ ცხოველებს სახორცედ დასაკლავად გზავნიან შესაბამისი სამსახურის ნებართვით ცალკეულ პარტიებად სასაკლაო საწარმოებთან შეთანხმებულ ვადებში. ასეთი ცხოველების გადარეკვით გადაყვანა აკრძალულია.

6. სასაკლაო საწარმოში გაგზავნის წინ ცხოველებს უტარებენ დოზიმეტრიულ კონტროლსა და ვეტერინარულ შემოწმებას. რადიონუკლეიდებით დასაშვებ დონეზე ზევით დაბინძურებული ცხოველების კანის საფარველი ექვემდებარება ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას და განმეორებით დოზიმეტრიას.

7. სახორცედ დასაკლავად გაგზავნისას ცხოველების თითოეულ პარტიაზე გასცემენ დადგენილი ფორმის ვეტერინარულ მოწმობას, რომლის გრაფაშიც “განსაკუთრებული აღნიშვნები” – მიუთითებენ:

ა) ცხოველების გარეგანი გამადასხივების დოზებს (გაანგარიშებულს ან დოზიმეტრიული სამსახურის მონაცემებს);

ბ) მონაცემებს მეურნეობა-მომწოდებელში საკვებისა და წყლის რადიოაქტიური დაბინძურების შესახებ;

გ) ცხოველების შინაგანი დასხივების დოზებს;

დ) ცხოველების კანის საფარველის რადიოქტიური დაბინძურების დონეს;

ე) მონაცემებს ცხოველების ვეტერინარული დამუშავების ჩატარების შესახებ.

8. დაზიანებული ცხოველებს კლავენ და გადაამუშავებენ უახლოეს სასაკლაო საწარმოებში ან სპეციალურად მოწყობილ სასაკლაო პუნქტებში (მოედნებზე).

9. სასაკლაო საწარმოს მისაღებ მოედანზე შემოყვანისას ცხოველებს კვლავ უტარებენ დოზიმეტრიულ კონტროლს, კუნთოვანი ქსოვილის სიცოცხლის მიერ რადიომეტრიას.

10. ცხოველების კანის საფარველის რადიონუკლეიდებით დასაშვებ დონეზე ზევით დაბინძურების შემთხვევაში უტარებენ ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას შემდგომი დოზიმეტრიით.

11. ცხოველებს, რომელთა კუნთოვან ქსოვილში რადიონუკლეიდების შემცველობა დასაშვებ დონეზე მეტია (სიცოცხლისმიერი რადიომეტრიის მონაცემებით), იძულებით დაკვლაზე მონაცემების (ჩვენებების) უქონლობისას, უბრუნებენ მომწოდებელს ან მათთან მოლაპარაკებით განათავსებენ საპეციალურ მოედანზე (ბაზაზე) გასაჩერებლად “სუფთა” საკვების გამოყენებით.

უშუალოდ დაკვლის წინ ცხოველებს უტარებენ ვეტერინარულ-სანიტარიულ შემოწმებას სულადობრივი ან ამორჩევითი თერმომეტრიით.

12. მხოლოდ გარეგან გამადასხივებას დაქვემდებარებული ცხოველების დაკვლა და გადამუშავება ხდება ჩვეულებრივი წესით.

13. შინაგანი რადიოაქტიური დაზიანების, აგრეთვე კანის საფარველის რადიოაქტიური დაბინძურების მქონე ცხოველებს კლავენ და გადაამუშავებენ ცალკეულ პარტიებად სასაკლაო საწარმოს სანიტარიულ სასაკლაოზე ან საერთო დასაკლავ საამქროში – მხოლოდ ცვლის ბოლოს, დაუზიანებელი ცხოველების დაკვლის პროდუქტების გატანის შემდეგ, ამასთან, იღებენ ზომებს დაკვლის პროდუქტებისა და ორგანოების რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. იმ პირებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ცხოველების სისხლგართმევითა და გატყავებით, ტანხორცის შემდგომი დამუშავების ოპერაციებზე არ უშვებენ. გამოშიგვნისას ტანხორცები ვერტიკალურ მდგომარეობაშია, საყლაპავ მილსა და სწორ ნაწლავზე ადებენ ორმაგ ლიგატურას, კუჭი და ნაწლავები ამოაქვთ ერთად ისე, რომ შენარ-ჩუნებულა მათი ანატომიური კავშირი. დაზიანებული ცხოველების პარტიის დაკვლისა და გადამუშავების დამთავრების შემდეგ ატარებენ სათავსების, დანადგარების, ინვენტარის, სპეცტანსაცმლისა და სპეცფეხსაცმლის დეზაქტივაციას სარეცხი საშუალებების ხსნარების გამოყენებით.

14. რადიაციული დაზიანების დროს ცხოველების ტანხორცისა და ორგანოების დაკვლისშემდგომ ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმებას ატარებენ წინამდებარე წესების მე-8, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 მუხლებში მითითებული წესებით, ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სხივური დაავადების პათოლოგოანატომიური ნიშნების არსებობას.

15. მხოლოდ გარეგან გამადასხივებას დაქვემდებარებული ცხოველების ხორცსა და დაკვლის სხვა პროდუქტებს იყენებენ შეუზღუდავად, თუ ტანხორცისა და ორგანოების დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების დროს აღმოჩენილი არ იქნა პათოლოგოანატომიური ცვლილებები. მათი აღმოჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ხორცისა და სუბპროდუქტების გამოყენების წესის შესახებ იღებენ სავალდებულო მიკრობიოლოგიური გამოკვლევის შემდეგ. ტყავებს უშვებენ შეუზღუდავად.

16. ცხოველების შინაგანი და შერეული (გარეგანი და შინაგანი) დასხივების შემთხვევაში ხორცსა და ცხოველის დაკვლის სხვა პროდუქტებს სავალდებულო წესით უტარებენ რადიომეტრიულ კონტროლს.

17. ხორცისა და ცხოველთა დაკვლის სხვა პროდუქტების რეალიზაცია შეუზღუდავად ხდება იმ შემთხვევაში, თუ მათში არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგოანატომიური ცვლილებები და რადიონუკლეიდების – სტრონციუმ-90-ისა და ცეზიუმ-137-ის შემცველობა არ აღემატება დასაშვებ დონეს. ამასთან, გაზომვათა შედეგები უნდა პასუხობდეს რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს. ცხოველთა დაკვლის პროდუქტების სხვა რადიონუკლეიდებით დაბინძურების შემთხვევაში ხელმძღვანელობენ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებით ან სხვა დროებითი ნორმატივებით, რომლებსაც იღებენ სახვეტზედამხედველობის ორგანოები კონკრეტული სიტუაციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ რადიონუკლეიდების შემცველობა დასაშვებ დონეს არ აღემატება, მაგრამ ორგანოებსა და ქსოვილიებში პათოლოგოანატომიური ცვლილებები შეიმჩნევა, გადაწყვეტილებას ხორცისა და კვების სხვა პროდუქტების გამოყენების შესახებ იღებენ მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების მიხედვით. პათოლოგოანატომიური ცვლილებების მქონე შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. ტყავებსა და სხვა ტექნიკურ ნედლეულს უშვებენ შეუზღუდავად.

18. რადიონუკლეიდების დასაშვებ დონეზე მაღალი შემცველობის შემთხვევაში ხორცი და ცხოველის დაკვლის სხვა პროდუქტები იმარხება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ხორცში რადიონუკლეიდების მდდ-ის უმნიშვნელოდ გადამეტებისას ცალკეულ შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ნებართვით იგი შეიძლება დაიშვას სამრეწველო გადამუშავებისათვის, თუ წინასწარი ტექნოლოგიური დამუშავების ან სპეციალური მეთოდებით დეზაქტივაციის დროს მიიღწევა რადიონუკლეიდების შემცველობის დაწევა ნორმატივებამდე. რადიონუკლეიდების დასაშვებზე მეტი დონით შემცველი ხორცი და სუბპროდუქტები, შესაბამისი სამსახურის ნებართვით, შეიძლება ასევე გაიგზავნოს საუტილიზაციოდ ან გამოყენებულ იქნეს ღორებისა და ფრინველების საკვებად მათი გამოზრდისას ან სუქების პირველ სტადიაზე, აგრეთვე, ბეწვიანი ნადირის საკვებად.

19. სხივური დაავადების განვითარების პერიოდში ცხოველების იძულებითი დაკვლის შემთხვევაში ტანხორცსა და ორგანოებს, რომლებიც დაკვლისშემდგომი შემოწმებით, რადიომეტრიული და მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით მიჩნეულ იქნა საკვებად ვარგისად, გზავნიან მოსახარშად, აგრეთვე მოხარშული ძეხვების, ხორცის პურებისა და კონსერვების მოსამზადებლად წინამდებარე წესების თანახმად.

20. რადიაციულად დაზიანებული ცხოველების დამკვლელ და გადამამუშავებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული მომზადება, უნდა სარგებლობდეს ინდივიდუალური დაცვისა და დასხივების ინდივიდუალური კონტროლის აუცილებელი საშუალებებით და იცავდეს უსაფრთხოების ტექნიკის წესებს. სამუშაოს შემდეგ პერსონალმა უნდა გაიაროს სანიტარიული დამუშავება შემდგომი დოზიმეტრიული კონტროლი