საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №499
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების და მასთან დაკავშირებული სამუშაოების, ასევე საპროექტო და საექსპერტო მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 8 890 000 (რვა მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შპს „საგზაო ტექნიკისათვის“ გადასაცემად.
2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების საფუძველზე შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპროექტო და საექსპერტო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით (წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში) და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება შპს „საგზაო ტექნიკასთან“.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საგზაო ტექნიკის“ კაპიტალის გაზრდა 8 890 000 (რვა მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათასი) ლარით.
5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საგზაო ტექნიკამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
6. შპს „საგზაო ტექნიკამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
7. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უზრუნველყოს შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური