1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პლაგიატი- ნაშრომში სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითების გარეშე;

ბ) თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;

გ) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;

დ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით).

ე) შინაგანაწესით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2. უნივერსიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უნივერსიტეტი ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

3. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობით იქმნება რეალური საფრთხე მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის ქმედების განმეორებით ჩადენისა და თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

5. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

6. მტკიცებულებების მოპოვება ხდება დიციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დიციპლინური წარმოების განხორციელების პროცესში რა დროსაც საქმეში მონაწილე მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებსა და წარადგენენ მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს (წერილობითი, ნივთიერი) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითაც მოიპოვოს/გამოითხოვოს მტკიცებულებები.

7. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება