კონსერვატორიის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა კონსერვატორიის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა აღემატება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობას და შეადგენს 23 წევრს.

წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი, რომელიც ამავე დროს არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

წარმომადგენლობით საბჭოში შედის კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

სტუდენტისა და პროფესორისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია კონსერვატორიასთან მათი, შესაბამისად, აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.

წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრებ