1. კონსერვატორიის მართვის ორგანოებია: რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. კონსერვატორიის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, კონსერვატორიის ბიბლიოთეკისაგან, კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან.
4. კონსერვატორიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.
5. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება ამ წესდებით დადგენილი წესით.
7. კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცულია ფონდებად ორგანიზებული სამეცნიერო-კულტურული ხასიათის მქონე საბიბლიოთეკო დოკუმენტები.
8. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა შედგება ადმინისტრაციისაგან, სამკითხველო დარბაზისაგან და წიგნსაცავისგან.
9. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა:
ა) ხელს უწყობს საუნივერსიტეტო - სახელოვნებო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას;
ბ) კონსერვატორიის სასწავლო და სამეცნიერო მოთხოვნათა შესაბამისად აყალიბებს ბიბლიოთეკის ფონდებს;
გ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას.
10. კონსერვატორიის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინებით, რაც აისახება კონსერვატორიის წესდებაში.
11. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით