საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (შემდგომში - კონსერვატორია) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი სამუსიკო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობა, ასევე სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და სკოლისგარეშე სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს.
კონსერვატორიის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
კონსერვატორიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. კონსერვატორიის სახელწოდების აბრევიატურაა „თსკ“. კონსერვატორიის ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ალ.გრიბოედოვის ქ. №8-10, ქ. თბილისი, 0108, საქართველო.
კონსერვატორიას აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები, ოფიციალური ვებგვერდი - www.tsc.edu.ge და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
კონსერვატორიაში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).
კონსერვატორია საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
კონსერვატორია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ