1. კონსერვატორიის მიზანია:
ა) დაკმაყოფილება პიროვნების მოთხოვნილებებისა, განვითარდეს კულტურულად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად, რაც უზრუნველყოფილია მუსიკალური ხელოვნების სფეროში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებით;
ბ) საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებისა და მაღალი დონის პედაგოგიური კადრების მომზადების გზით;
გ) მუსიკალური ხელოვნების და მეცნიერების განვითარება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტების შემოქმედებით-პრაქტიკული მოღვაწეობის და სამეცნიერო კვლევების მეშვეობით;
დ) პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მუსიკოს-შემსრულებლების მომზადება, სტუდენტთა, მოსწავლეთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების შეთავაზება დაინტერესებულ პირთათვის;
ე) შემოქმედებითი, სასწავლო და სამეცნიერო მიმზიდველობის გაზრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ვ) ინტეგრაცია ერთიან მსოფლიო საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სამეცნიერო სივრცეში.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე, კონსერვატორია უზრუნველყოფს:
ა) საშუალო და უმაღლესი სამუსიკო განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, რაც ნიშნავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლებას, დამოუკიდებლად განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა, სასწავლო პროგრამების ფარგლებში და მათი განვითარების მიზნით;
ბ) უმაღლესი სამუსიკო განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
გ) უმაღლესი სამუსიკო განათლების, შემოქმედებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;
დ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის სისტემების განვითარებას და მისი მართვის მექანიზმების ფუნქციონირებას;
ე) სწავლებას, სწავლას, შემოქმედებასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას;
ვ) კონსერვატორიის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას და ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელთა სწავლის, სწავლების, შემოქმედებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით;
ზ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
თ) მართვისა და კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
ი) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას;
კ) კონკურენტუნარიანი და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი კადრების მომზადებას და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებას;
ლ) ინოვაციური კვლევებისა და სწავლებისათვის აუცილებელი პირობების, მათ შორის – ახალი მუსიკალური ტექნოლოგიების დანერგვისათვის სათანადო პირობების შექმნასა და ხელშეწყობა;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დასახული მიზნების მისაღწევად კონსერვატორია:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით უნარებსა და თეორიულ ცოდნას, შემოქმედებითი და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას, რისთვისაც შეიმუშავებს სახელოვნებო-შემოქმედებით, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა და მოსწავლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) თანამშრომლობს უცხოეთის და საქართველოს მუსიკალურ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, კულტურულ ცენტრებთან და სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან;
ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებს, ფესტივალებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს, სემინარებს, ლექციებს, ლექცია-კონცერტებსა და მასტერკლასებს;
თ) ემსახურება მუსიკალური კულტურისა და მუსიკის შესახებ მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლების, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
ი) გამოსცემს სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო-მეთოდურ და სანოტო ლიტერატურას, ზრუნავს ბიბლიოთეკის ფონდის დაცვა-შევსებაზე;
კ) ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას სწავლისა და შემოქმედებითი-სამეცნიერო მოღვაწეობისთვის;
ლ) ქმნის აქტუალურ მიმართულებათა შემოქმედებით კოლექტივებს სტუდენტების, მოსწავლეებისა და პერსონალის ბაზაზე;
მ) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ თუ უკვე ცნობილ აქტიურ შემსრულებლებს და მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ თანამედროვეობის მოთხოვნების შესატყვისი სასწავლო პროცესის წარმართვა;
ნ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისა – საორგანიზაციო საკითხებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
ბ) სწავლების თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების შედგენა-დამტკიცების საკითხებში;
გ) სწავლის თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში.
5. კონსერვატორია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს კონტაქტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, დებს გარიგებებსა და მემორანდუმებ