1. თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და დარჩეს სამუშაო დროის ამოწურვამდე.
2. ამ შინაგანაწესის მიზნებისათვის, თანამშრომლის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება საპატიოდ ჩაითვლება, თუ იგი გამოცხადდება ამ შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის პირველი 15 წუთის განმავლობაში.
3. სამუშაოზე დაგვიანებად, ადრე გასვლად, სამუშაო დროის გაცდენად ან/და სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება თანამშრომელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სამსახურის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დროის გასვლის შემდგომ თანამშრომლის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ჩაითვლება საპატიოდ, თუ თანამშრომელი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო უფროსს დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის მიზეზის მითითებით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული დაგვიანებით გამოცხადება/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა საპატიოდ ჩაითვლება თუ არ აღემატება თვის განმავლობაში სამ შემთხვევას. სხვა შემთხვევაში თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის უფროსი/სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, თანამშრომლის სამსახურში არ ყოფნის ხანგრძლივობა ერთი დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 საათს (მოიცავს შესვენების დროს).
6. შრომისუუნარობის გარდა სხვა მიზეზით სამსახურში სრული სამუშაო დღის ხანგრძლივობით არგამოცხადების მიზნით, ხელმძღვანელს (დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სერვის-ცენტრის უფროსი, სექტორის უფროსი) უფლება აქვს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გაათავისუფლოს თვეში არაუმეტეს ერთი სამუშაო დღით (day off). სხვა შემთხვევაში თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილე ან მისი არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის უფროსი.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სხვა საფუძვლით სამსახურიდან სამუშაო დროს წასვლის შემთხვევაში, წინასწარ ცნობილი მიზეზის არსებობისას, თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში არყოფნის თაობაზე უშუალო ხელმძღვანელს აცნობოს წინასწარ „გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის“ (oracle) დასწრების მოდულის მეშვეობით (შემდგომში – სისტემა) სისტემაში შეტყობინების გაგზავნით და სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის მითითებით.
8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სხვა საფუძვლით სამსახურიდან სამუშაო დროს წასვლის შემთხვევაში, წინასწარ უცნობი მიზეზებით სამსახურში გამოუცხადებლობისას თანამშრომელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა, თანამშრომელმა გაცდენილი დროის შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს სისტემაში.
9. თანამშრომელის მიერ სისტემაში ასახვას ექვემდებარება:
ა) პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;
ბ) უშუალო უფროსის ან სამსახურის სხვა ზემდგომი პირების სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით დავალების შესრულების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული გადამზადების ან სწავლების შესახებ ინფორმაცია, რომლის ხანგრძლივობა წელიწადში არ აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
დ) 12 წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის შემთხვევაში სამუშაო დროის დაწყების ან სამუშაო დროის დასრულების ამ შინაგანაწესით დადგენილი შეღავათით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია;
ე) სამსახურის, სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ზეპირად/წერილობით განსაზღვრული სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმის შესახებ ინფორმაცია;
ვ) დანართი №2 შესაბამისად განსაზღვრული სამუშაო დროის და დღის განმავლობაში შესვენების დროის განსაზღვრული რეჟიმის შესახებ ინფორმაცია;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სამსახურის/დეპარტამენტის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმის შესახებ ინფორმაცია;
თ) სამსახურებრივი მოვალეობების სამსახურის შენობის გარეთ შესრულების შესახებ ინფორმაცია, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით;
ი) დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შესახებ ინფორმაცია;
კ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია (day off).
10. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში უნდა აისახოს მომდევნო თვის პირველ რიცხვიდან არაუმეტეს მომდევნო 2 სამუშაო დღის ვადაში. თუ თანამშრომელი თავად ვერ ახერხებს ზემოხსენებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, აღნიშნული შესაძლებელია განახორციელოს მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, იმავე ვადაში.
11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფროსის მიერ შეტყობინების სისტემაში ატვირთვისას/დათანხმებისას, თანამშრომლის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო ხელმძღვანელს. ხელმძღვანელის მიერ შეტყობინებაზე არდათანხმების შემთხვევაში, თანამშრომლის მიერ გაცდენილი დრო ითვლება არასაპატიოდ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №1526 - ვებგვერდი, 30.01.2020