1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში 24 სამუშაო დღით. ამასთანავე, უშუალო და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა თანხმობის შემთხვევაში, თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, დაქორწინების, შვილის შეძენის (მამის შემთხვევაში) ან ოჯახში არსებული ისეთი შეუცვლელი მდგომარეობისას, რომელიც გამორიცხავს თანამშრომლის სამსახურში ყოფნას.
2. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღის ოდენობით.
3. თანამშრომელთათვის შვებულების მიცემის უფლება აქვს სამსახურის უფროსს, მათ შორის, სამსახურის იმ თანამშრომელთათვის, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება არ მიეკუთვნება მის უფლებამოსილებას.
4. თანამშრომელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. სამსახურის უფროსთან/სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეათანხმებით, თანამშრომელს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
5. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
6. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
7. სამსა
ხურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დაადგინოს თანამშრომლებისათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.
8. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას, თანამშრომელი ვალდებულია, 2 კვირით ადრე გააფრთხილოს უშუალო ხელმძღვანელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
9. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით) შესაძლებელია თანამშრომელი ვადაზე ადრე გამოძახებულ იქნეს შვებულებიდან.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამსახურში. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია სამსახურის უფროსს წერილობით აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი. არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №31304- ვებგვერდი, 21.10.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის ბრძანება №15681 - ვებგვერდი, 25.07.2023