(1) კავშირის ქვეყნებს, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიცირება ან არ შეუერთდნენ მას, ან რომლებიც შებოჭილნი არ არიან ამ კონვენციის სტოკჰოლმის აქტის 22_26 მუხლებით, თუ მოისურვებენ შეუძლიათ 1975 წლის 26 აპრილამდე ისარგებლონ აღნიშნული მუხლებით მინიჭებული უფლებებით ისე, თითქოს ისინი ამ მუხლებით იყვნენ შებოჭილნი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს ასეთი უფლებებით სარგებლობა, ამ მიზნით უგზავნის გენერალურ დირექტორს წერილობით შეტყობინებას, რომელიც ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან. აღნიშნულ თარიღამდე, ასეთი ქვეყნები ითვლებიან ასამბლეის წევრებად.
(2) ვიდრე კავშირის ყველა ქვეყანა ორგანიზაციის წევრი გახდება, ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო ფუნქციონირებს, როგორც კავშირის ბიურო, ხოლო გენერალური დირექტორი მოქმედებს, როგორც ამ ბიუროს დირექტორი.
(3) როგორც კი კავშირის ყველა ქვეყანა ორგანიზაციის წევრი გახდება, კავშირის ბიუროს უფლებები, მოვალეობები და ქონება გადაეცემა ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს.
დამატებითი კარი
[სპეციალური დებულებები განვითარებად ქვეყნებთან დაკავშირებით]
მუხლი I
[განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი შეღავათები: 1. გარკვეული შეღავათების არსებობა; განცხადება; 2. განცხადების მოქმედების ხანგრძლივობა; 3. განვითარებადი ქვეყნის სტატუსის შეწყვეტა; 4. ეგზემპლარების არსებული მარაგი; 5. განცხადება გარკვეული ტერიტორიების შესახებ; 6. ნაცვალგების ფარგლები]
(1) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, განვითარებად ქვეყნად მიჩნეული ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ახდენს რატიფიცირებას ან უერთდება ამ აქტს, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ეს დამატებითი კარი და რომელიც ითვალისწინებს თავის ეკონომიკურ მდგომარეობასა და სოციალურ და კულტურულ მოთხოვნილებებს მიაჩნია, რომ დაუყოვნებლივ ვერ უზრუნველყოფს ამ აქტით გათვალისწინებულ ყველა უფლების დაცვას, შეუძლია რატიფიკაცის ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარებისას, ან V(1)(c) მუხლის გათვალისწინებით, შემდგომ ნებისმიერ დროს, შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ ისარგებლებს შეღავათით, რომელიც გათვალისწინებულია II ან III მუხლში, ან ორივე ამ შეღავათით. მას შეუძლია II მუხლში გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების ნაცვლად, გააკეთოს განცხადება V (1)(a) მუხლის შესაბამისად.
(2) (a) ნებისმიერი განცხადება, რომელიც გაკეთებულია (1) პუნქტის შესაბამისად, 1–21 მუხლებისა და ამ დამატებითი კარის ძალაში შესვლიდან ათი წლის განმავლობაში, 28(2) მუხლის თანახმად, ძალაშია აღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება განახლდეს მთლიანად ან ნაწილობრივ თითოეული ათი წლის ვადით გენერალურ დირექტორისათვის ჩაბარებული შეტყობინების გზით, არა უმეტეს თხუთმეტი და არანაკლებ სამი თვით ადრე მიმდინარე ათწლიანი პერიოდის ამოწურვამდე.
(b) ნებისმიერი განცხადება, (1) პუნქტის შესაბამისად, რომელიც გაკეთდა 1_21 მუხლებისა და ამ დამატებითი კარის ძალაში შესვლიდან ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, 28(2) მუხლის შესაბამისად, ძალაშია მიმდინარე ათწლიანი პერიოდის ამოწურვამდე. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება განახლდეს (a) ქვეპუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად.
(3) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აღარ ითვლება განვითარებად ქვეყნად, (1) პუნქტის შესაბამისად, აღარ აქვს (2) პუნქტში გათვალისწინებული განცხადების განახლების უფლება, და მიუხედავად იმისა, გამოითხოვს თუ არა ოფიციალურად თავის განცხადებას, ვეღარ ისარგებლებს (1) პუნქტში აღნიშნული შეღავათებით მიმდინარე ათწლიანი ან სამწლიანი პერიოდის ამოწურვიდან, მას შემდეგ, რაც მას აღარ მიიჩნევენ განვითარებად ქვეყნად; ამასთან, გამოიყენება ის პერიოდი, რომელიც უფრო გვიან იწურება.
(4) იქ, სადაც იმ დროისათვის, როდესაც (1) პუნქტის და (2) პუნქტის თანახმად გაკეთებული განცხადება წყვეტს მოქმედებას, არსებობს ამ დამატებითი კარის საფუძველზე გაცემული ლიცენზით დამზადებული სათადარიგო ასლები, მათი მარაგის საბოოლოდ ამოწურვამდე, ნებადართულია გავრცელების გაგრძელება.
(5) ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ეკისრება ვალდებულება ამ აქტის დებულებებით, და რომელმაც 31(1) მუხლის შესაბამისად, განახორციელა განცხადების ან შეტყობინების შესანახად ჩაბარება ამ აქტის გამოყენების თაობაზე განსაზღვრული ტერიტორიის მიმართ, რომლის მდგომარეობაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს (1) პუნქტში მითითებული ქვეყნების მდგომარეობის ანალოგიურად, ასეთ ტერიტორიასთან დაკავშირებით შეუძლია გააკეთოს (1) პუნქტში აღნიშნული განცხადება და (2) პუნქტში აღნიშნული შეტყობინება განახლების შესახებ. ვიდრე ასეთი განცხადება ან შეტყობინება ძალაშია, ასეთი ტერიტორიის მიმართ გამოიყენება დამატებითი კარის დებულებები.
(6)
(a) ის გარემოება, რომ რომელიმე ქვეყანა სარგებლობს (1) პუნქტში გათვალისწინებული შეღავათებით, არ აძლევს უფლებას სხვა ქვეყანას მიანიჭოს ნაწარმოებებს, რომელთა წარმოშობის ქვეყანა არის პირველი ქვეყანა, იმაზე ნაკლები დაცვა, ვიდრე ის, რომელსაც ვალდებულია ანიჭებდეს 1_20 მუხლების შესაბამისად.
(b) ეკვივალენტური დაცვის გამოყენების უფლება, რომელიც გათვალისწინებულია 30 (2)(b) მუხლის მეორე წინადადებით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს I (3) მუხლის შესაბამისად მოქმედი პერიოდის ამოწურვამდე იმ ნაწარმოებების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა არის ქვეყანა, რომელმაც გააკეთა განცხადება V (1) (a) მუხლის თანახმად.
მუხლი II
[თარგმნის უფლების შეზღუდვა: 1. კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიები; 2_4. ასეთი ლიცენზიების გაცემის პირობები; 5. მიზნები, რომლებისთვისაც შეიძლება გაიცეს ასეთი ლიცენზიები; 6. ლიცენზიების მოქმედების შეწყვეტა; 7. ნაწარმოებები, რომლებიც ძირითადად ილუსტრაციებისგან შედგება; 8. მიმოქცევიდან ამოღებული ნაწარმოებები; 9. ლიცენზიები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეთერით ახორციელებენ გადაცემებს]
(1) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც განაცხადა, რომ ისარგებლებს ამ მუხლში გათვალისწინებული შეღავათით, შეუძლია ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმებით გამოცემული ნაწარმოებების მიმართ, მე-8 მუხლით გათვალისწინებული თარგმნის განსაკუთრებული უფლება შეცვალოს სისტემით, რომელიც ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოების მიერ, IV მუხლის გათვალისწინებითა და ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად, ჩვეულებრივი და ისეთი ლიცენზიების გაცემას, რომელთა გადაცემა არ შეიძლება.
(2)(a) (3) პუნქტის გათვალისწინებით, თუ სამწლიანი ან ნებისმიერი უფრო ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელსაც ადგენს აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა, და რომელიც აითვლება ნაწარმოების პირველი გამოქვეყნების თარიღიდან, თარგმნის უფლების მფლობელი პირის მიერ ან მისი ნებართვით, ამ ქვეყნის საერთო სარგებლობის ენაზე არ გამოქვეყნებულა ასეთი ნაწარმოების თარგმანი, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ამ ნაწარმოების აღნიშნულ ენაზე თარგმნის ლიცენზია და გამოაქვეყნოს ასეთი თარგმანი ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმით.
(b) ამ მუხლში გათვალისწინებული პირობებით, ლიცენზია შეიძლება ასევე გაიცეს იმ შემთხვევებშიც, როცა ამ ენაზე გამოქვეყნებული თარგმანის ყველა გამოცემა მთლიანად გაიყიდა.
(3)(a) თუ თარგმანი შესრულებულია იმ ენაზე, რომელიც არ არის საერთო სარგებლობის ენა კავშირის წევრ ერთ ან რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში, (2) (a) პუნქტში გათვალისწინებული სამწლიანი პერიოდი იცვლება ერთწლიანი პერიოდით.
(b) (1) პუნქტში მითითებულ ნებისმიერ ქვეყანას კავშირის წევრ განვითარებულ ქვეყნებთან ერთსულოვანი შეთანხმებით, რომლებშიც იგივე ენაა საერთო სარგებლობის ენა, ამ ენაზე თარგმნის შემთხვევაში, შეუძლია (2) (a) პუნქტში გათვალისწინებული სამწლიანი პერიოდი შეცვალოს ასეთი შეთანხმებით განსაზღვრულ უფრო ხანმოკლე პერიოდით, მაგრამ ასეთი პერიოდი არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები. თუმცა, წინა წინადადების დებულებები არ ვრცელდება ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ნებისმიერი ასეთი შეთანხმების შესახებ, სესაბამისი მთავრობები, ატყობინებენ გენერალურ დირექტორს.
(4)(a) ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, ლიცენზიები, როლებიც მიიღება სამი წლის შემდეგ, არ შეიძლება გაიცეს დამატებითი ექვსთვიანი პერიოდის გასვლამდე, ხოლო ლიცენზიები, რომელთა მიიღება შესაძლებელია ერთი წლის შემდეგ, არ გაიცემა დამატებითი ცხრათვიანი პერიოდის გასვლამდე:
(i) იმ თარიღიდან, როცა განმცხადებელი შეასრულებს IV (1) მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებს, ან
(ii) თუ უცნობია თარგმნის უფლების მქონე პირის ვინაობა ან მისი მისამართი, იმ თარიღიდან, როცა განმცხადებელი, IV (2) მუხლის შესაბამისად, გააგზავნის ლიცენზიის გამცემი კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილი განცხადების ასლებს.
(b) ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია არ გაიცემა, თუ აღნიშნული ექვს- ან ცხრათვიანი პერიოდის განმავლობაში თარგმნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით გამოქვეყნდება თარგმანი იმ ენაზე, რომელთან დაკავშირებითაც გაკეთდა განცხადება.
(5) ნებისმიერი ლიცენზია, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, გაიცემა მხოლოდ სკოლებსა და უნივერსიტეტებში გამოსაყენებლად ან კვლევების ჩატარების მიზნით.
(6) თუ ნაწარმოების თარგმანი ქვეყნდება თარგმნის უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით იმ ფასად, რომელიც შეესაბამება მსგავს ნაწარმოებებზე ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ დადგენილ ფასს, ამ მუხლის თანახმად გაცემული ნებისმიერი ლიცენზია წყვეტს მოქმედებას, თუ ასეთი თარგმანი შესრულებულია იმავე ენაზე და ძირითადად იმავე შინაარსისაა, როგორიც ლიცენზიით გამოქვეყნებული თარგმანი. ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე გამოქვეყნებული ეგზემპლარების გავრცელება შეიძლება მათი მარაგის ამოწურვამდე.
(7) ნაწარმოებებისთვის, რომლებიც ძირითადად ილუსტრაციებისგან შედგება, ლიცენზია ტექსტის თარგმანასა და გამოქვეყნებაზე და ლიცენზია ილუსტრაციების რეპროდუცირებასა და გამოქვეყნებაზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ მაშინ, თუ ასევე სრულდება III მუხლის პირობები.
(8) ამ მუხლის შესაბამისად, ლიცენზია არ შეიძლება გაიცეს, თუ ავტორმა მიმოქცევიდან ამოიღო თავისი ნაწარმოების ყველა ეგზემპლარი.
(9)(a) ლიცენზია იმ ნაწარმოების თარგმნაზე, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმებით, შეიძლება მიეცეს, აგრეთვე, ნებისმიერ სამაუწყებლო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს თავისი შტაბ-ბინა (1) პუნქტში აღნიშნულ ქვეყანაში, ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის განცხადების წარდგენის შემდეგ, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
(i) თარგმანი განხორციელებულია იმ ეგზემპლარიდან, რომელიც დამზადებული და შეძენილია აღნიშნული ქვეყნის კანონების შესაბამისად;
(ii) თარგმანი განკუთვნილია მხოლოდ სამაუწყებლო გადაცემებში გამოსაყენებლად, მხოლოდ სწავლების ან კონკრეტული პროფესიის სპეციალისტებს შორის, სპეციალური ტექნიკური ან სამეცნიერო კვლევების შედეგების გავრცელების მიზნით.
(iii) თარგმანი გამოიყენება მხოლოდ (ii) ქვეპუნქტში აღნიშნული მიზნებით, კანონიერად შესრულებულ გადაცემებში, რომლებიც განკუთვნილია მსმენელთათვის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ გადაცემების ჩათვლით, რომლებიც ხორციელდება მხოლოდ ასეთი გადაცემების მიზნით კანონიერად გაკეთებული ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მეშვეობით.
(iv) თარგმანის ნებისმიერი გამოყენება არ ისახავს კომერციულ მიზნებს.
(b) თარგმანის ხმოვანი ან ვიზუალური ჩანაწერები, რომლებიც შესრულებულია
სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული ლიცენზიით, (a)
ქვეპუნქტში აღნიშნული მიზნებისა და პირობების გათვალისწინებით, და ამ ორგანიზაციის
თანხმობით, შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სხვა სამაუწყებლო
ორგანიზაციის მიერ, რომელსაც აქვს თავისი შტაბ-ბინა ქვეყანაში, რომლის კომპეტენტურმა
ორგანომ გასცა აღნიშნული ლიცენზია.
(c) იმ პირობით, თუ სრულდება (a) ქვეპუნქტში აღნიშნული ყველა კრიტერიუმი და პირობა, სამაუწყებლო ორგანიზაციას, ასევე, შეიძლება მიეცეს იმ აუდიო-ვიზუალური ჩანაწერში ჩართული ნებისმიერი ტექსტის თარგმნის ლიცენზია, რომელიც დამზადდა და გამოქვეყნდა მხოლოდ სისტემატური სწავლებისათვის გამოსაყენებლად.
(d) (a)_(c) ქვეპუნქტების გათვალისწინებით, წინა პუნქტების დებულებები გამოიყენება ამ პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემისას და სარგებლობისას.
მუხლი III
[რეპროდუცირების უფლების შეზღუდვა: 1. კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიები; 2_5. ასეთი ლიცენზიების გაცემის პირობები; 6. ლიცენზიების მოქმედების შეწყვეტა; 7. ნაწარმოებები, რომლებზეც ვრცელდება ეს მუხლი]
(1) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც განაცხადა, რომ ისარგებლებს ამ მუხლში გათვალისწინებული შეღავათებით, უფლება აქვს მე-9 მუხლში გათვალისწინებული ნაწარმოების რეპროდუცირების განსაკუთრებული უფლება შეცვალოს სისტემით, რომელიც ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოების მიერ, IV მუხლის გათვალისწინებითა და ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად, ჩვეულებრივი და ისეთი ლიცენზიების გაცემას, რომელთა გადაცემა არ შეიძლება.
(2)(a) თუ იმ ნაწარმოებთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება ეს მუხლი (7) პუნქტის ძალით, მას შემდეგ, რაც ამოიწურება:
(i) (3) პუნქტში განსაზღვრული შესაბამისი პერიოდი, რომელიც იწყება ნაწარმოების
მოცემული გამოცემის პირველი გამოქვეყნების თარიღიდან, ან
(ii) (1) პუნქტში აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი იმავე
თარიღიდან დაწყებული უფრო ხანგრძლივი პერიოდი, თუ
ასეთი გამოცემის ეგზემპლარები არ იყო გავრცელებული ამ ქვეყნის ფართო საზოგადოებაში ან სისტემატურ სწვლებასთან დაკავშირებით რეპროდუცირების უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ამ ქვეყანაში ანალოგიური ნაწარმოებებისათვის ჩვეულებრივ დადგენილ ფასს, ასეთი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, შეუძლია მიიღოს ლიცენზია, ამავე ან უფრო ნაკლებ ფასად, ასეთი გამოცემის რეპროდუცირებასა და გამოქვეყნებაზე სისტემატურ სწავლებაში გამოყენებასთან დაკავშირებით.
(b) (a) ქვეპუნქტის შესაბამისად გავრცელებული გამოცემის რეპროდუცირებისა და გამოქვეყნების ლიცენზია, შეიძლება გაიცეს, ასევე, ამ მუხლში გათვალისწინებული პირობებით, თუ გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ, ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში, არ გაყიდულა ამ გამოცემის არც ერთი ნებადართული ეგზემპლარი მოცემულ ქვეყანაში ფართო საზოგადოებაში ან სისტემატურ სწავლებასთან დაკავშირებით, იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ამ ქვეყანაში მსგავსი ნაწარმოებებისათვის ჩვეულებრივ დადგენილ ფასს.
(3) (2)(a)(i) პუნქტში აღნიშნული პერიოდი შეადგენს ხუთ წელს, გარდა:
(i) საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების დარგის გამოცემებისთვის, მათემატიკისა და ტექნიკის ჩათვლით, რომლებისათვისაც ეს პერიოდი შეადგენს სამ წელს;
(ii) მხატვრული, პოეტური, დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებებისთვის, ასევე, ხელოვნების დარგის წიგნებისთვის ეს პერიოდი შეადგენს შვიდ წელს.
(4)(a) ლიცენზია, რომლის მიღება შესაძლებელია სამი წლის შემდეგ, არ გაიცემა ამ მუხლის შესაბამისად, ვიდრე არ გავა ექვსთვიანი პერიოდი:
(i) იმ თარიღიდან, როდესაც განმცხადებელი შეასრულებს IV (1) მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებს, ან
(ii) თუ უცნობია რეპროდუცირების უფლების მფლობელის ვინაობა ან მისამართი, იმ თარიღიდან, როცა განმცხადებელი, IV (2) მუხლის შესაბამისად, გააგზავნის ლიცენზიის გამცემი კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილი განცხადების ასლებს.
(b) თუ ლიცენზიების მიღება შესაძლებელია სხვა პერიოდების შემდეგ და გამოიყენება IV (2) მუხლი, განცხადების ასლების გაგზავნის თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლამდე არ გაიცემა ლიცენზია.
(c) თუ (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული ექვსთვიანი ან სამთვიანი პერიოდის
განმავლობაში, ადგილი ჰქონდა გავრცელებას, როგორც ეს აღწერილია (2) (a) პუნქტში,ამ მუხლის შესაბამისად, არ გაიცემა ლიცენზია.
(d) ლიცენზია არ გაიცემა, თუ ავტორმა ამოიღო მიმოქცევიდან იმ გამოცემის ყველა ეგზემპლარი, რომელზეც იყო რეპროდუცირებისა და გამოქვეყნების ლიცენზიის
მოთხოვნა.
(5) ამ მუხლის თანახმად, არ გაიცემა ნაწარმოების თარგმანის რეპროდუცირებისა და გამოქვეყნების ლიცენზია შემდეგ შემთხვევებში:
(i) როდესაც თარგმანი არ იყო გამოქვეყნებული თარგმნის უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით, ან
(ii) როცა თარგმანი შესრულებულია იმ ენაზე, რომელიც არ წარმოადგენს იმ ქვეყანის საერთო სარგებლობის ენას, სადაც მოითხოვება ლიცენზია.
(6) თუ რეპროდუცირების უფლების მფლობელი პირის მიერ ან მისი ნებართვით, (1) პუნქტში აღნიშნულ ქვეყანაში ფართო საზოგადოებაში ან სისტემატურ სწავლებასთან დაკავშირებით ვრცელდება ნაწარმოების გამოცემის ეგზემპლარები იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ამ ქვეყანაში ანალოგიური ნაწარმოებებისათვის ჩვეულებრივ დადგენილ ფასს, ამ მუხლის თანახმად გაცემული ნებისმიერი ლიცენზია წყვეტს მოქმედებას, თუ ამგვარი გამოცემა შესრულებულია იმავე ენაზე და ძირითადად იმავე შინაარსისაა, რაც აღნიშნული ლიცენზიით გამოქვეყნებული გამოცემა. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამდე გამოცემული ნებისმიერი ეგზემპლარების გავრცელება, შეიძლება გაგრძელდეს მათი მარაგის ამოწურვამდე.
(7)(a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ეს მუხლი ვრცელდება ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმებით გამოქვეყნებულ ნაწარმოებებზე.
(b) ეს მუხლი, აგრეთვე, ვრცელდება კანონიერად განხორციელებული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერების აუდიო-ვიზუალური ფორმით რეპროდუცირებაზე, მათში ჩართული ნებისმიერი დაცული ნაწარმოების ჩათვლით, და მათში ჩართული ნებისმიერი ტექსტის თარგმანზე იმ ქვეყანის საერთო სარგებლობის ენაზე, სადაც მოითხოვება ლიცენზია, იმ პირობით, თუ ყველა ამ შემთხვევაში აღნიშნული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერები გაკეთებული და გამოქვეყნებულია მხლოდ სისტემატურ სწავლებაში გამოყენების მიზნით.
მუხლი IV
[საერთო დებულებები II და III მუხლების შესაბამისად გაცემული ლიცენზიებისთვის: 1. და 2. პროცედურა; 3. ნაწარმოების ავტორისა და სახელწოდების მითითება; 4. ეგზემპლარების ექსპორტი; 5. შეტყობინება; 6. კომპენსაცია]
(1) II ან III მუხლების შესაბამისად, ლიცენზები შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ პირობით, თუ განმცხადებელი, ქვეყნის პროცედურის თანახმად დაამტკიცებს, რომ მან ნებართვისათვის მიმართა თარგმანის შესრულებასა და გამოქვეყნებაზე ან გამოცემის რეპროდუცირებასა და გამოქვეყნებაზე უფლების მფლობელ პირს და უარი მიიღო მისგან ან, სათანადო ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეძლო უფლების მფლობელი პირის დადგენა. ლიცენზიის მოთხოვნისას განმცხადებელი ინფორმაციას აწვდის (2) პუნქტში მითითებულ ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრს.
(2) თუ შეუძლებელია უფლების მფლობელი პირის დადგენა, ლიცენზიის მომთხოვნი ლიცენზიის გამცემი კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილ განცხადების ასლებს შეკვეთილი ავიაფოსტით უგზავნის გამომცემელს, რომელიც მითითებულია ნაწარმოებზე და, ასევე, ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრს, რომელიც შეიძლება აღნიშნული იყოს გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში იმ ქვეყნის მთავრობის მიერ, რომელშიც გამომცემელი სავარაუდოდ ახორციელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.
(3) II ან III მუხლის შესაბამისად გაცემული ლიცენზიით გამოქვეყნებული თარგმანის ან რეპროდუქციის ყველა ასლზე აღინიშნება ავტორის სახელი. ყველა ასეთ ასლზე იბეჭდება ნაწარმოების სახელწოდებაც. თარგმანის შემთხვევაში, ნაწარმოების ორიგინალის სახელწოდება, ნებისმიერ შემთხვევაში, იბეჭდება ყველა მითითებულ ასლზე.
(4)(a) II ან III მუხლების შესაბამისად გაცემული არანაირი ლიცენზია არ ვრცელდება ნაწარმოების ასლების ექსპორტზე და ძალაშია მხოლოდ თარგმანის გამოქვეყნებისას ან შესაბამისად რეპროდუცირებისას იმ ქვეყნის ფარგლებში, სადაც იყო მისი მოთხოვნა.
(b) (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის ექსპორტის ცნება მოიცავს ეგზემპლარების გაგზავნას ნებისმიერი ტერიტორიიდან იმ ქვეყანაში, რომელმაც I (5) მუხლის შესაბამისად გააკეთა განცხადება ამ ტერიტორიის მიმართ.
(c) როცა იმ ქვეყნის სამთავრობო ან სხვა ორგანიზაცია, რომელმაც II მუხლის შესაბამისად
გასცა ლიცენზია თარგმანის მომზადებაზე ნებისმიერ ენაზე, ინგლისური, ფრანგული ან
ესპანური ენების გარდა, სხვა ქვეყანაში გზავნის ასეთი ლიცენზიით გამოქვეყნებული
თარგმანის ეგზემპლარებს, (a) ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ეგზემპლარების ასეთი
გაგზავნა არ ითვლება ექსპორტად, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
(i) ეგზემპლარების მიმღებნი არიან ლიცენზიის გამცემი ქვეყნის მოქალაქეები, ან ის
ორგანიზაციები, რომლებშიც ასეთი მოქალაქეები არიან გაერთიანებულნი;
(ii) ეგზემპლარები გამოიყენება მხოლოდ სკოლებში, უნივერსიტეტებში ან კვლევების
ჩატარების მიზნით;
(iii) ეგზემპლარების გაგზავნა და მათი შემდგომი გავრცელება მიმღებთა შორის არ
ემსახურება კომერციულ მიზნებს; და
(iv) ქვეყანა, რომელშიც იგზავნება ეგზემპლარები, დაეთანხმა ქვეყანას, რომლის კომპეტენტურმა ორგანომ გასცა ლიცენზია, ნება დართოს მიღებაზე ან გავრცელებაზე, ან ორივეზე ერთად და ამ შეთანხმების შესახებ ლიცენზიის გამცემი ქვეყნის მთავრობამ შეატყობინა გენერალურ დირექტორს.
(5) II ან III მუხლის შესაბამისად გაცემული ლიცენზიით გამოქვეყნებულ ყველა ეგზემპლარზე სათანადო ენაზე აღნიშნულია, რომ ეგზემპლარები ექვემდებარებიან გავრცელებას მხოლოდ იმ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება მოცემული ლიცენზია.
(6) (a) ეროვნულ დონეზე მიიღება სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს:
(i) ლიცენზიაში სამართლიანი კომპენსაციის გადახდის გათვალისწინება თარგმნის ან
შესაბამისად, რეპროდუცირების უფლების მფლობელის სასარგებლოდ, ჰონორარის იმ
ნორმათა შესაბამისად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ორ შესაბამის ქვეყანაში
პირთა შორის ლიცენზიებზე თავისუფალი მოლაპარაკების დროს; და
(ii) კომპენსაციის გადახდა და გადაცემა: თუ მოქმედებენ განსაკუთრებული ეროვნული
სავალუტო წესები, კომპეტენტური ორგანოები მიმართავენ სათანადო ზომებს, რათა
საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, უზრუნველყონ კომპენსაციის გადაყვანა
საერთაშორისო კონვერტირებულ ვალუტაში ან მის ეკვივალენტში.
(b) ეროვნული კანონმდებლობა იღებს სათანადო ზომებს ნაწარმოების სწორად თარგმნის ან შესაბამისად, გარკვეული გამოცემის ზუსტი რეპროდუცირების უზრუნველსაყოფად.
მუხლი V
[თარგმნის უფლების შეზღუდვის ალტერნატიული შესაძლებლობა: 1. 1886 და 1896 წლების აქტებში ამისათვის გათვალისწინებული პროცედურა; 2. II მუხლის თანახმად პროცედურის შეცვლის შეუძლებლობა; 3. ალტერნატიული შესაძლებლობის არჩევის ვადა]
(1)(a) ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს უფლება განაცხადოს, რომ ისარგებლებს II მუხლში გათვალისწინებული შეღავათით, ნაცვლად ამისა ამ აქტის რატიფიკაციისა ან მასთან შეერთების დროს შეუძლია:
(i) ამ დებულების თანახმად, გააკეთოს განცხადება თარგმნის უფლებასთან დაკავშირებით, თუ ის არის ქვეყანა, რომელზეც ვრცელდება 30 (2)(a) მუხლი.
(ii) თუ ის არის ქვეყანა, რომელზეც არ ვრცელდება 30 (2)(a) მუხლის დებულებები, და მაშინაც კი, თუ ის არ არის ქვეყანა, რომელიც არ შედის კავშირში, გააკეთოს განცხადება, როგორც ეს გათვალისწინებულია 30 (2) (b) მუხლის პირველ წინადადებაში.
(b) თუ ქვეყანა აღარ ითვლება განვითარებად ქვეყნად, როგორც ეს გათვალისწინებულია I (1) მუხლით, ამ პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება ძალაში რჩება I (3) მუხლის შესაბამისად, გამოყენებული ვადის გასვლის თარიღამდე.
(c) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა განცხადება ამ პუნქტის შესაბამისად, არ შეუძლია შემდგომში ისარგებლოს II მუხლში გათვალისწინებული შეღავათით მაშინაც კი, თუ ის გამოითხოვს აღნიშნულ განცხადებას.
(2) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ისარგებლა II მუხლში გათვალისწინებული შეღავათით, (3)
პუნქტის შესაბამისად, არ შეუძლია შემდგომში განცხადების გაკეთება (1) პუნქტის თანახმად.
(3) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც I(1) მუხლის შესაბამისად აღარ მიიჩნევა განვითარებად ქვეყნად, შეუძლია I(3) მუხლის თანახმად დასაშვები პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს ორი წლისა, გააკეთოს განცხადება 30 (2)(b) მუხლის პირველ წინადადებაში გათვალისწინებული მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ქვეყანა, რომელიც კავშირში არ შედის. ასეთი განცხადება ძალაში შედის, იმ დროს როცა ამოიწურება I(3) მუხლის თანახმად დასაშვები ვადა.
მუხლი VI
[დამატებითი კარის ზოგიერთი დებულებების გამოყენების შესაძლებლობები ან გამოყენების დაშვება ვიდრე ქვეყნები გახდებიან მისით შებოჭილნი: 1. განცხადება; 2. განცხადების დეპონირება და ძალაში შესვლის თარიღი]
(1) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, დაწყებული ამ აქტის მიღების თარიღიდან და ნებისმიერ დროს, ვიდრე მას დაეკისრება ვალდებულება 1_21 მუხლებითა და ამ დამატებითი კარით, შეუძლია განაცხადოს:
(i) თუ ის არის ქვეყანა, რომელსაც 1_21 მუხლებითა და ამ დამატებითი კარით ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, ექნებოდა უფლება ესარგებლა I(1) მუხლში აღნიშნული შეღავათებით, გამოიყენებს II ან III მუხლის დებულებებს ან ორივეს ერთად იმ ნაწარმოებების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც ქვემოთ მოყვანილი (ii) ქვეპუნქტის თანახმად, უშვებს ამ მუხლების გამოყენებას ასეთი ნაწარმოებების მიმართ ან რომელსაც ეკისრება ვალდებულება 1_21 მუხლებითა და ამ დამატებითი კარით; ასეთი განცხადება II მუხლის ნაცვლად, შეიძლება ეყრდნობოდეს V მუხლს;
(ii) რომ უშვებს ამ დამატებითი კარის გამოყენებას იმ ნაწარმოებების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა თვითონ არის, იმ ქვეყნების მიერ, რომლებმაც გააკეთეს განცხადება (i) ქვეპუნქტის თანახმად, ან გააკეთეს შეტყობინება I მუხლის შესაბამისად.
(2) ნებისმიერი განცხადება, რომელიც გაკეთებულია (1) პუნქტის თანახმად, უნდა იყოს წერილობითი ფორმის და შესანახად ინდა გადაეცეს გენერალურ დირექტორ