1.      ამ შეთანხმების 47-ე და 48-ე მუხლების დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე და ნიშანდებისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გათვალისწინებით, მხარეები ადასტურებენ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების 2.2 თავის პრინციპებს, რომ მსგავსი მოთხოვნების შემუშავება, მიღება და გამოყენება არ მოხდება საერთაშორისო ვაჭრობაში დამატებითი დაბრკოლებების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ნიშანდებასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ იქნება ვაჭრობის იმაზე მეტად შემზღუდავი, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, იმ რისკების გათვალისწინებით, რაც შეუსრულებლობამ შეიძლება განაპირობოს.

2.      კერძოდ, სავალდებულო ნიშანდებასა ან ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, მხარეები თანხმდებიან, რომ:

(a) ისინი ეცდებიან მინიმუმამდე დაიყვანონ საკუთარი მოთხოვნები ნიშანდებასა ან ეტიკეტირებასთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა ამ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის მისაღებად და ასევე ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოს დაცვის ან საჯარო პოლიტიკის სხვა კეთილგონივრული მიზნების შესასრულებლად;

(b) მხარემ შეიძლება დაადგინოს  ეტიკეტირების ან ნიშანდების ფორმა, მაგრამ არ უნდა მოითხოვოს ეტიკეტების დამტკიცება, რეგისტრაცია ან სერტიფიცირება; და

(c) მხარეები იტოვებენ უფლებას მოითხოვონ, რომ ინფორმაცია ეტიკეტზე ან ნიშანდებაზე მიეთითოს რომელიმე კონკრეტულ ენაზე.

თავი 4

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომე