1. ნებისმიერმა მხარემ, რომელსაც სურს დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი წესების შესაბამისად, საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში უნდა წარადგინოს საარბიტრაჟო განაცხადი, შიდა წესებით განსაზღვრულ ან საარბიტრაჟო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ მისამართზე.

2. საარბიტრაჟო პროცესი ჩაითვლება იმ რიცხვში დაწყებულად, როდესაც სამდივნომ მიიღო საარბიტრაჟო განაცხადი.

3. საარბიტრაჟო განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);

ბ) დავის მიმოხილვას და იმ ფაქტებს, რომლებიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;

გ) განცხადებას თუ რა მოთხოვნები აქვს საარბიტრაჟო მოსარჩელეს და თითოეული მოთხოვნის ოდენობას. თუ მოთხოვნის (მოთხოვნების) კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია − ამ მოთხოვნის (მოთხოვნების) მიახლოებით ფულად ღირებულებას საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენის დღისთვის;

დ) საარბიტრაჟო შეთანხმების სრულ პირობებს, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი  მოთხოვნის (მოთხოვნების) დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულებას ან სხვა დოკუმენტის ასლს, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა (მოთხოვნები);

ე) დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად;

ვ) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ზ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, ენასთან და გამოსაყენებელ სამართალთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას.

4. სამდივნოს წარედგინება საარბიტრაჟო განაცხადის იმდენი ასლი, რამდენიც განსაზღვრულია წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით. საარბიტრაჟო განაცხადს უნდა ერთოდეს რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საარბიტრაჟო განაცხადი სამდივნოსთვის წარდგენილად ითვლება საარბიტრაჟო სარჩელის, მტკიცებულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, თუ ის ასევე შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, სამდივნოს შეუძლია საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუდგინოს გონივრული ვადა ხარვეზების და/ან შესცდომების გამოსასწორებლად. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე დამატებით ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზებს, სამდივნოს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო განაცხადის რეგისტრაციაზე, რა შემთხვევაშიც საარბიტრაჟო პროცესი არ გაგრძელდება. საარბიტრაჟო განაცხადის რეგისტრაციაზე ამგვარი უარის თქმა საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ ართმევს იმავე მოთხოვნის (მოთხოვნების) მოგვიანებით სხვა საარბიტრაჟო პროცესზე დაყენების უფლებას.

7. სამდივნო საარბიტრაჟო განაცხადის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ საარბიტრაჟო განაცხადის ასლს შესაბამის დოკუმენტებთან ერთად უგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხე