1. ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლით განსაზღვრული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ა) ვიზის მიღების მსურველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;

ბ) არასრულწლოვანი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ვიზის მიღების მსურველი პირის ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;

გ) ვიზის მიღების მსურველი პირის წარმომადგენელი − კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.

3. სამინისტროსა და წარმომადგენლობის გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე უარის თქმის ან ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე, ასევე სამინისტროს გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საჩივრდება სამინისტროში.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე საჩივრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

5. ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე საჩივრდება საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს უნდა წარედგინოს ამ წესის №11 დანართით განსაზღვრული ფორმის საჩივარი, ხოლო  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის საჩივარი.

7.  საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით, შეიძლება წარდგენილი იქნეს თარგმანის გარეშე.

8. თუ საჩივრის განმხილველ ორგანოს არ წარედგინა ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები/ინფორმაცია ან წარედგინა არასათანადო წესით, საჩივრის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე, საჩივრის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. საჩივრის განხილვის ვადა სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვის ვადით.

10. სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში, გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.

თავი XIII. გარდამავალი დებულე