1. საკონსულო დეპარტამენტი უფლებამოსილია, მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმების/დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისათვის მიმართოს წარმომადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადამოწმებას/დამატებითი ინფორმაციის მოპოვებასა და საკონსულო დეპარტამენტის ინფორმირებას მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. თუ სავიზო განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს, სამინისტრო უფლებამოსილია, სავიზო განაცხადი დაარედაქტიროს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად და ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია ხელმეორედ გამოითხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას ვიზის მფლობელი უცხოელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს ამობეჭდილ მოკლევადიან ელექტრონულ ვიზას.
5. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის ფორმა გენერირდება სამინისტროს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის − „საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის“ საშუალებით, სამინისტროს მიერ.
6. გაცემული ელექტრონული ვიზა ვიზის მიმღებ უცხოელს ეგზავნება სავიზო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იმ ფორმატში, რომელიც იძლევა ვიზის ნახვისა და მისი ბეჭდვის შესაძლებლობას.
7. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტა ხდება ამ წესის შესაბამისად, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-19-მე-20 მუხლები.