1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია, მოითხოვოს:
ა) საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება;
ბ) D3 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება;
გ) D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება.
2. D3 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებსა და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ მიუთითებს უცხოელის საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.
3. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ უცხოელი აკმაყოფილებს შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.
4. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებას ახორციელებს სამინისტრო საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით. საკონსულო დეპარტამენტი განიხილავს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით წარდგენილ სავიზო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და, შესაბამისად, ვიზის გაცემის საკითხზე.
5. უცხოელს, რომელმაც ამ წესის შესაბამისად წარადგინა სავიზო განაცხადი ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა ჩაეთვლება საპატიოდ და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.
6. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება იმავე წესის შესაბამისად, რა წესითაც ხდება მისი გაცემა.