1. ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება შეწყდეს:

ა) თუ გამოვლინდა ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი;

ბ) თუ ვიზის მფლობელი პირი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;

გ) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა  ვიზა;

დ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან;

ე) თუ უცხოელზე გაიცა ვიზა, რომელიც მოიცავს უკვე გაცემული ვიზის მოქმედების ვადას;

ვ) სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის ან გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება და ა.შ.), თუ აღნიშნულ სამგზავრო დოკუმენტში დატანილი იყო ვიზა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოსთვის.

2. D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.

3. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ის ორგანო, რომლისთვისაც ცნობილი გახდა ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული  საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. სამინისტროსა და წარმომადგენლობის მიერ ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გამოიცემა ამ წესის №10 დანართით განსაზღვრული ფორმის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის გადაწყვეტილება.

5. ვიზის მოქმედების ვადა შეწყდება და ვიზა ძალას დაკარგავს, თუ:

ა) უცხოელზე გაიცემა ახალი ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას;

ბ) უცხოელმა, რომელზეც გაიცა ვიზა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

6. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ან ვიზის გამცემი სხვა ორგანოს მიერ ვიზის ბლანკზე დაიტანება მართკუთხა ფორმის შტამპი აღნიშვნით − „გაუქმებულია“ ქართულ ენაზე და აღნიშვნით − „CANCELLED“ ინგლისურ ენაზე. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო ან წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ვიზის გაცემის შესახებ ინფორმაციის ამსახველ ვებგვერდზე  მისი მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის განთავსებას.

7. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე ვიზის მფლობელ პირს უნდა ეცნობოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინებაში უნდა მიეთითოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი.

8. სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, ვიზის გამცემ შესაბამის ორგანოს აცნობონ ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძვლების  შესახებ.

თავი XI. ინფორმაციის შენახვა და ხელმისაწვდომობა. კომუნიკაც