1. ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) - Pestis Africana suis (შემდგომში - „აფრიკული ჭირი“) მაღალკონტაგიოზური, მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა. დაავადების ამთვისებელია ყველა ასაკის და ჯიშის გარეული და შინაური ღორი. დაავადების აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსი, რომელიც განსხვავებულია ღორის კლასიკური ჭირის გამომწვევისაგან იმუნობიოლოგიური თვისებებით. ვირუსი მდგრადია გამოშრობის, გაყინვისა და ლპობის მიმართ, სისხლსა და შრატში ძლებს 5 წელზე მეტ ხანს, ხორცსა და ძვლის ტვინში, 20 – 80 C ტემპერატურაზე, 150 დღეს, შარდში - 60 დღეს, ხოლო ნიადაგში ვირუსი ინარჩუნებს ვირულენტობას 190 დღე.

2. ბუნებრივ პირობებში ღორის დასნებოვნება ხდება  დაავადებული ცხოველის ჯანმრთელთან კონტაქტის დროს. უმთავრესად ცხოველი ავადდება ალიმენტარული გზით (დაინფიცირებული გადაუმუშავებელი ღორის სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის) საკვების ნარჩენების მიღებით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით დაზიანებული კანიდან და ვირუსის მატარებელი ტკიპების კბენით. ინფექციის წყაროა ასევე  შენობები, რომელშიც იმყოფებოდა დაავადებული ღორი, სასაკლაოს, საწარმოს, ხორცის დამამუშავებელი საამქროების აღჭურვილობა - იარაღები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და სხვ.

3. ვირუსის გადატანა შეუძლიათ მწერებს, ტკიპებს, ხოლო სხვადასხვა ცხოველები, ფრინველები, ადამიანი, მღრღნელები წარმოადგენენ აღმძვრელის მექანიკურ გადამტანებს. ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნების დრო 3-დან 12 დღეა.

4. აფრიკული ჭირის დროს კლინიკური ნიშნების ჩამოყალიბება ხდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან 2–3 დღეში, შემდეგ ვითარდება დეპრესია, მადის დაკარგვა, სისუსტე, ყურის ნიჟარის, ცხვირის სარკის, კიდურების შიგნითა ზედაპირის, მუცლისა და მკერდის ქვედა ნაწილების სიწითლე, ციანოზი, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლის დენა, დიარეა. ღორი კვდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან მე-3 –მე-10 დღეს.

5. დაავადების სწრაფი მიმდინარეობა და მაღალი სიკვდილიანობა (98–100%)  იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს. ზომიერად ვირულენტური ვირუსი იწვევს ნაკლები ინტენსივობის სიმპტომებს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 30-70%-ში მერყეობს.  დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის სიმპტომებია: წონის დაკარგვა, წყვეტილი ცხელება, რესპირატორული სიმპტომები, კანის ქრონიკული წყლულები და ართრიტი.

6. აფრიკულ ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“