1. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი ინსტრუქციებით/რეგლამენტით, სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი პირის  ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს  მიმართვები, საჩივრები და განცხადებები;

დ) დაიცვას სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;

ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სარგებლის მისაღებად.

3. მოსამსახურემ არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

4. მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას დაზარალებულთა და მოწმეთა, აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, დაკითხვაზე მყოფ პირთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

5. სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას მოსამსახურემ იძულების ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. მოსამსახურე უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს იძულების ღონისძიების განხორციელების შედეგად დაზიანებული პირისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

6. მოსამსახურემ არ უნდა წამოიწყოს, წააქეზოს ან დაუშვას წამების ან სხვაგვარი სისასტიკის ნებისმიერი აქტი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

7. მოსამსახურე ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაეხმაროს  მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში.

8. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

9. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.

10. იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება.

11. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების  დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულება გამოიწვევს გარკვეულ წინააღმდეგობას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას,  მოსამსახურე ვალდებულია მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.

13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ გავრცელდება დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხ