1. ხეები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა. ხეების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასახლებული პუნქტებისათვის (ქალაქები, ადმინისტრაციული ცენტრები და სხვა). ხშირად ხეები გაშენებულია ისეთ ადგილებში, სადაც მათ ფესვების განვითარების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. მიწის ზედაპირის მოასფალტების, მოპირკეთებითი სამუშაოების და ნიადაგზე სხვადასხვა მავნე ნივთიერებების (გამონაბოლქვი, მტვერი და სხვა) დალექვის გამო ისინი ითვისებენ მავნე ნივთიერებებს, შედეგად მათი ვარჯი მექანიკურად ზიანდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ესთეტიკურ მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესვები და ხის ვარჯი ხშირ შემთხვევაში მოუვლელია, მაშინ როდესაც, ისინი უნდა გამოიყურებოდნენ ესთეტიურად, მყარად და უნდა იყვნენ გადატყდომისაგან დაზღვეული. ხეები უნდა ასრულებდნენ მათ უმთავრეს ფუნქციებს, როგორიცაა: ჩრდილის შექმნა, ჟანგბადის წარმოება და მტვრის ნაწილაკების შთანთქმა, ხმაურის დახშობა და სხვა. აღნიშნული ფუნქციების სრულყოფილად და ხანგრძლივად შესრულება მხოლოდ ჯანსაღ და ძლიერ ხეებს შეუძლია. ხის სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა უმეტესად დამოკიდებულია მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილის აქტიურობასა და განვითარებაზე. ეს კი დამოკიდებულია ნიადაგში საკმარისი ჰაერის შემცველობაზე, ნიადაგის ტენიანობაზე და შესაბამისი რაოდენობის მინერალებით მომარაგებაზე. გზების გასწვრივ დარგული ხეები ხშირ შემთხვევაში საშიშროების ქვეშ იმყოფებიან, მათ გარშემო ასფალტის ან ბეტონის ფენით ნიადაგის გადაფარვა და ვარჯის არასწორი ფორმირება, ნეგატიურ გავლენას ახდენს ხის სიჯანსაღესა და სიცოცოხლისუნარიანობაზე.
2. ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესების შემუშავების მიზანია საქართველოს ქალაქბში, მათ შორის სატრანსპორტო მონაკვეთებში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, ეს კი შესაძლებელი გახდება ნარგავებისათვის შესაბამისი, დაცული გარემო პირობების შექმნით, ასევე მათ მიმართ მზრუნველობითა და საჭირო მოვლის ღონისძიებების პროფესიონალურად ჩატარებით