1. დაწესებულებამ, რომელსაც აქვს ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს მუშაობა პათოგენებთან და ინფექციურ მასალებთან, უნდა შეიმუშაოს ბიოდაცვის სისტემები და კონტროლის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პათოგენის ლაბორატორიის გარეთ მოხვედრის რისკის მინიმუმამდე შემცირებას.

2. ბიოდაცვის ზომები მოიცავს:

ა) პათოგენურ მასალასთან არასანქცირებული წვდომის, მისი დაკარგვის, მოპარვის, არასათანადოდ გამოყენების, გარემოში განზრახ გავრცელების ან დივერსიის რისკის შემცირებას;

ბ) ადგილობრივი, რეგიონალური, სამთავრობო და საერთაშორისო უწყებებისთვის მტკიცებულების წარდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ შემუშავებულია და ეფექტიანად ხორციელდება სათანადო დაცვის ზომები;

გ) ლაბორატორიაში ბიოდაცვის და ქცევის ეთიკის კოდექსის შესახებ ინფორმირებულობის დონის მუდმივი ამაღლების სქემის შემუშავებას;

დ) საველე პირობებში მომუშავე პირების უზრუნველყოფას იმ უსაფრთხო პროცედურებით, რომელიც უკავშირდება სამუშაოს ქრონოლოგიურ აღრიცხვასა და დოკუმენტირებას.

3.  ლაბორატორიებში განთავსებულია ცალკეული იზოლატები, პაციენტის სინჯები (შრატის, სხეულის სითხეების, სისხლის და ა.შ.), უჯრედული კულტურები, პროტეინის ექსტრაქტები და სხვა პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ლაბორატორიის ფუნქციონირებისათვის ან გამოიყენება ეროვნული ან საერთაშორისო დანიშნულებით. მათში შედის საცნობარო შტამები და ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელი მასალები (მაგ., ანტიბიოტიკური მგრძნობელობის და ბიოქიმიური რეაქტიულობის სტანდარტები, სეროლოგიური სტანდარტები), შტამები და მასალები, რომლებსაც აქვთ უნიკალური მახასიათებლები და თვისებები, კოლექციები, რომლებიც შეიცავს ადამიანიდან და ცხოველიდან იზოლირებულ ზოონოზურ აგენტებს და ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის შტამები. მასალები, რომელთა არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს და მცენარეებს ან გარემოს, დაცულ უნდა იქნეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამოყენებით, ან განადგურდეს. განადგურებას უნდა დაექვემდებაროს იზოლატების რეპლიკატები, რომლებიც აღარ გამოიყენება, მასალები, რომლებიც არ არის სათანადოდ შენახული და ასევე მასალა, რომელსაც დაკარგული აქვს ცხოველმყოფელობა, ეფექტიანობა, კონტამინაციის უნარი ან არ არის დაიარლიყებული. უნდა მოხდეს ამ მასალების დეაქტივაცია, გაუვნებელყოფა ან განადგურება.

4. იმ დაწესებულებას, სადაც სპეციალურად მოწყობილ და კონტროლირებად საცავში განთავსდება მე-3 რისკ-ჯგუფის პათოგენური აგენტები, უნდა ჰქონდეს ამ აგენტების კონტროლის, გამოყენების და შენახვის მკაცრად განსაზღვრული პროცედურებ