1. დაწესებულებამ უნდა ჩამოაყალიბოს და განახორციელოს გეგმები და პროცედურები ინციდენტისა და ავარიული სიტუაციის წარმოქმნის პოტენციური შესაძლებლობის განსაზღვრისათვის, ასევე მათი წარმოქმნის თავიდან აცილების, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და მასთან დაკავშირებული შესაძლო დაავადებების და სხვა ზიანის ლოკალიზებისათვის. საგანგებო სიტუაციაში განსახორციელებელი მოქმედების გეგმა უნდა მოიცავდეს ბიორისკის ყველა ასპექტს და ზოგადი უსაფრთხოების, დაცვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებს.
2. დაწესებულება უზრუნველყოფს სამედიცინო და/ან ეკოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციის ეფექტიანი მართვის სისტემის არსებობას, აგრეთვე (და არამარტო) პოტენციურად ინფიცირებული თანამშრომლების გამოვლენას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას ბიოლოგიურ აგენტებთან ექსპოზიციაში მყოფი მუშაკებისთვის, დაავადებულთათვის ან დაზიანებულთათვის. საგანგებო სიტუაციის დროს სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ყველა თანამშრომელსა და შესაბამის მესამე მხარეებს. სამოქმედო გეგმა გადის შემოწმებას, რათა ყველა თანამშრომელმა იცოდეს თავისი მოვალეობები.
3. საგანგებო შემთხვევების დროს სამოქმედო გეგმები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებსაც ეკისრებათ განსაზღვრული კონტროლის ზომების შემუშავების, განხორციელებისა და აპრობირების პასუხისმგებლობა;
ბ) საგანგებო სიტუაციის დროს რეაგირების ზომების შემუშავების აუცილებლობას, რომელსაც ადგილი აქვს სამუშაო ან არასამუშაო საათებში;
გ) ინსტრუქციებს იმ პერიოდებისთვის, როდესაც თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია (მაგ., შაბათ-კვირა ან დღესასწაულების პერიოდები);
დ) ავარიული შესასვლელის/გასასვლელის საჭიროებას, ასევე შეღწევის კონტროლის საშუალებების ბლოკირების შესაძლებლობას, საჭიროებისამებრ;
ე) ავარიული გასასვლელების საჭიროებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანების გაყვანა უფრო მაღალი დონის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ზონების გავლით;
ვ) ინსტრუქციას დაბინძურებული საგნების გატანისა და ადამიანების უსაფრთხო გაყვანის, ტრანსპორტირების, გადაადგილების, მკურნალობის/დამუშავების და განთავსების შესახებ.
4. საგანგებო სიტუაციისას შესაძლოა წარმოიქმნას გარეშე მხარეების მონაწილეობის აუცილებლობა. იდენტიფიცირებული საგანგებო სიტუაციის შესაძლო სცენარების საფუძველზე, დაწესებულებამ უნდა გამოავლინოს ამგვარი უწყებები, რათა მოხდეს მათი როლის განსაზღვრა მოცემული სიტუაციის ლიკვიდაციისას. ასევე, შესაძლო საჭირო გახდეს ამგვარი მხარეების ინფორმირება და მომზადება მათ მონაწილეობასთან და იმ ზემოქმედების რისკებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ. დაწესებულებამ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული მხარეების მოქმედებებმა არ გამოიწვიოს საგანგებო სიტუაციით წარმოქმნილი რისკის გაუმართლებელი ზრდა. აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის დოკუმენტურად გაფორმება და საგანგებო სიტუაციებისას განსახორციელებელი მოქმედებების კოორდინაციისათვის პასუხისმგებელი პირებისათვის მიწოდება.
5. საგანგებო სიტუაციის სცენარებთან დაკავშირებით, პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარების ზომების გატარების შესაძლებლობა რისკის შეფასების საფუძველზე. აღნიშნულ პროცედურებში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისად მომზადებული პერსონალის, აღჭურვილობისა და სხვა მასალების არსებობ