1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, გასაწევი ან/და გაწეული მომსახურების, შესრულებული ან/და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ვალდებულების შესრულების ვადების დაცვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

3. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

4. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ობიექტი მიიღება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მათ ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასა და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V. გასაჩივრე