რეფერირების პროცედურების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბავშვი - 18 წლამდე ასაკის პირი (არასრულწლოვანი);
ბ) მიტოვებული ბავშვი - არასრულწლოვანი, რომელიც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები;
გ) ნაპოვნი ბავშვი - 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე;
დ) მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ რეფერირების პროცედურების შესაბამისად;
ე) ბავშვის ოჯახის წევრი - დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი, მიმღები მშობელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, მზრუნველი, და, ძმა, მეუღლე, ყოფილი მეუღლე, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე პირები, რომლებიც ერთობლივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და მათი ოჯახის წევრები;
ვ) სხვა პასუხისმგებელი პირი - პირი (გარდა ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომლის ზრუნვისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაკისრებული აქვს მას ამავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე;
ზ) ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - არასრულწლოვანი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა). მსხვერპლად ჩაითვლება აგრეთვე ბავშვი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც განახორციელა მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელიც მოძალადისგან განცალკევებულ იქნა სოციალური მუშაკის მიერ (დანართი №1);
თ) ძალადობა - პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება განხორციელდა/ხორციელდება განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე. ძალადობად მიიჩნევა:
თ.ა) ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯისკენ მიმართული მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
თ.ბ) სექსუალური ძალადობა - ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით, ასევე სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით 16 წლამდე ბავშვთან ძალადობის გარეშე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება ბავშვის მიმართ;
თ.გ) ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის, ოჯახის წევრის მიერ/მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში მითითებული ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას ბავშვის მიერ განცდილი ძლიერი ემოციური სტრესი, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას ან დაშინებას;
თ.დ) ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
თ.ე) იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მათ შორის, იძულებითი ქორწინება, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა ან/და თანამონაწილეობა, ნივთიერებათა ავად მოხმარების, მოწყალების თხოვნის, აგრეთვე ბავშვის ჩართვას შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას) შეზღუდვას. იძულებად ჩაითვლება ბავშვის შრომის შედეგად მოპოვებული თანხის მთლიანი ან/და ნაწილობრივი მითვისება;
თ.ვ) უგულებელყოფა - მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე;
ი) მოძალადე - ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ ჩაითვლება აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ახორციელებს მასთან სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით;
კ) სააგენტო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო;
ლ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები;
მ) რეგიონული საბჭო - სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;
ნ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება - სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი), კრიზისული ცენტრი, დღის ცენტრი, ტრანზიტული ცენტრი, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალი - ბავშვთა სახლი;
ო) თავშესაფარი - სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მომსახურების დაწესებულება, რომელიც სთავაზობს შესაბამის მომსახურებებს ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, დაზარალებულებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს;
პ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი - სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;
ჟ) სოციალური მუშაკი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;
რ) მინდობით აღზრდა - სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა;
ს) საბავშვო ბაღი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება;
ტ) საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
უ) სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე;
ფ) გადაუდებელი შემთხვევა – მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაშ