1. ბავშვზე ძალადობის დროს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის, აგრეთვე რეფერირების პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბავშვი განცალკევდება მოძალადისგან.
2. მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ბავშვთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.
3. ბავშვის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკის და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
4. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლისა და სხვა ისეთი პირების გამოკითხვას, რომლებსაც შეუძლიათ სასარგებლო ინფორმაცია მისცენ პოლიციის თანამშრომელს/სოციალურ მუშაკს, საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს შემთხვევის შეფასებას და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შიდა ინსტრუქციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ. სოციალური მუშაკი ამ პროცედურებით დაადგენილი წესით განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანისას შესაძლებელია მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) ბავშვი განთავსდეს ბავშვის ოჯახის წევრთან, რომელიც სხვა მისამართზე ცხოვრობს;
ბ) ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვი განთავსდეს მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვ.);
გ) ბავშვი განთავსდეს მინდობით აღზრდაში ან/და ბავშვთა სპეციალიზებულ ერთ-ერთ დაწესებულებაში, რომელთა ჩამონათვალს პოლიციას აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
დ) ბავშვი განთავსდეს თავშესაფარში მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქმე ეხება ოჯახში ძალადობას ან/და არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და ბავშვი ცნობილია ოჯახში ძალადობის ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ან/და დაზარალებულად და ვერ ხერხდება მისი ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით უზრუნველყოფა;
ე) თუ ძალადობა მოხდა ოჯახის გარეთ - ოჯახის არაწევრის მიერ, ბავშვი უნდა დაბრუნდეს სახლში პოლიციის თანხლებით და, ამასთანავე, მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სააგენტოს;
ვ) გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, განთავსდეს სამედიცინო დაწესებულებაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებსა და თავშესაფრებში უნდა არსებობდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ცხოვრების, მოვლისა და რეაბილიტაციისთვის ყველა საჭირო პირობ