1. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ამ რეფერირების პროცედურების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ყველა დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან ან/და მათ ოჯახებთან ან იმ გარემოსთან, სადაც ბავშვი  იმყოფება.

2. საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, პოლიციის, სააგენტოს, საბავშვო ბაღების, მანდატურის სამსახურის, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებების, თავშესაფრების, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები)  და მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის)/მათი უფლებამოსილი დაწესებულების, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები  ვალდებულნი არიან, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში,  ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევა, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთხვევის მართვა,  რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებსა და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების მიხედვით.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის) უფლებამოსილი თანამშრომელი ან მათი უფლებამოსილი დაწესებულების თანამშრომელი, მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში,  შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას და ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას  სააგენტოსა და პოლიციაში.

4. ბავშვზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობაზე შესაძლოა მიუთითებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ფაქტორი:

ა) ბავშვზე სხეულის დაზიანების ნიშნების არსებობა (სხვადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და ნაკაწრები, იარები, გაძნელებული სიარული, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები, დამწვრობის კვალი, კოპები და სხვა სახის დაზიანებები);

ბ) ბავშვი იქცევა საეჭვოდ (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სახლში დაბრუნება, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი და სხვ.);

გ) ბავშვი არ დადის ან/და არარეგულარულად დადის საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) ბავშვი არ არის რეგისტრირებული ან ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა, აგრეთვე არ არის პედიატრის/ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;

ე) ბავშვი მოუვლელია, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიკურ განვითარებაში, ბავშვს აქვს მოუწესრიგებელი გარეგნული იერ-სახე – უსუფთაო სახე და სხეული, აცვია ჭუჭყიანი ან/და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი, იკვებება საჭმლის ნარჩენებით;

ვ) ასაკის შეუფერებლად დროს ატარებს უმეთვალყურეოდ, საცხოვრებელი გარემო შეიცავს საფრთხეებს ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, ცხოვრობს ბავშვთა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად;

ზ) ჩართულია ისეთ შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღი ფიზიკური და მენტალური განვითარების) შეზღუდვას;

თ) ბავშვი გამოყენებულია და ჩაბმულია მისი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოში ან/და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში (ითხოვს მოწყალებას/მათხოვრობს, არაგონივრულად დიდ დროს ატარებს ქუჩაში);

ი) ბავშვი ხშირად გადაადგილდება უცხო პირთან/პირებთან ერთად ნათესავის ან ახლობლის გარეშე ან იმყოფება უცხო პირების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ან/და უწევს მათ მომსახურებას;

კ) ბავშვის სათამაშოები, საწოლი, ტანისამოსი ან სხვა ნივთები აღმოჩენილია შეუფერებელ ადგილებში (მათ შორის, ქარხანა ან/და სხვ.), ადამიანით ვაჭრობისათვის (ტრეფიკინგისათვის) რისკის შემცველ დაწესებულებებში;

ლ) ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ბავშვზე ძალადობაზე.

5. ძალადობის ეჭვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების უფლებამოსილი პირები აწარმოებენ ფაქტის შესწავლას, რათა დადგინდეს, საფუძვლიანია თუ არა წარმოქმნილი ეჭვი.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები (გარდა პოლიციისა), ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ვალდებულნი არიან, შეავსონ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი (დანართი №2), რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით, ფაქსით ან, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით, ხოლო გადაუდებელ  შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინონ „ცხელი ხაზის“  მეშვეობით ან/და წერილობით.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაამტკიცონ ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქციებ