1. ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის/გამოძახების ადგილზე.
2. ადგილზე მისვლისას პოლიციამ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) გამოცხადდეს ადგილზე, წარადგინოს ვინაობა, შეისწავლოს და შეაფასოს მდგომარეობა, გაესაუბროს სავარაუდო მსხვერპლს, მოძალადეს, ოჯახის წევრებს, მოწმეებს (მეზობლებს, ნათესავებს, სხვ.), მოიპოვოს მტკიცებულებები და ძალადობის ნიშნების ან ამ რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დადგენილი წესით დაუყოვნებლივ შეატყობინოს ინფორმაცია სააგენტოს;
ბ) პოლიციის მიერ სააგენტოსთვის გადაცემული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ბ.ა) პოლიციელის სახელს, გვარს, თანამდებობას;
ბ.ბ) ბავშვის სახელსა და გვარს, ასაკს, სქესს, მისამართს, შემთხვევის/გამოძახების ადგილს, თუ იგი განსხვავდება ბავშვის საცხოვრებელი მისამართისაგან. ხოლო თუ ბავშვი მიუსაფარია, მიეთითება მისი სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სქესი ან მისი მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი, შემთხვევის/გამოძახების ადგილი;
ბ.გ) ძალადობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის ან ძალადობის ფაქტის მოკლე აღწერას;
ბ.დ) პოლიციის მიერ ჩატარებული ქმედებების ჩამონათვალს;
გ) აღკვეთოს ბავშვზე ძალადობის ფაქტი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;
ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოწეროს შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი და აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა მარტო ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან/სხვა პასუხისმგებელ პირთან ერთად;
ვ) თუ გამოძახება მოხდა სამუშაო დღის განმავლობაში და არ არის საჭირო ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მაგრამ სახეზეა ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვი, დაელოდოს სოციალური მუშაკის გამოცხადებას შემთხვევის/გამოძახების ადგილზე და დაეხმაროს მას ბავშვთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში, ხოლო თუ გამოძახება მოხდა არასამუშაო საათებში (18 საათიდან დილის 9 საათამდე), დასვენების ან უქმე დღეებში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ამ პუნქტის ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებები;
ზ) თუ ადგილზე გამოცხადებისას, სოციალური მუშაკი სიტუაციას აფასებს, როგორც გადაუდებელ შემთხვევას, რომლის დროსაც ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მომდევნო 24 საათის განმავლობაში ემუქრება საფრთხე, მაგრამ არ ხდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება და სოციალური მუშაკი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით, პოლიცია ეხმარება მას ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში.
3. პოლიციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, შიდა ინსტრუქციებით. ეს ქმედებები, უპირველესად, ბავშვის უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
4. სააგენტოში ინფორმაციის შესვლისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაზე რეაგირება შიდა ინსტრუქციის შესაბამისად. სოციალური მუშაკი შემთხვევის/გამოძახების ადგილზე გასვლისას აფასებს ბავშვზე ძალადობის შემთხვევას: ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, ძალადობის შედეგებისა და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების, სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების/საბავშვო ბაღის/ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლები, დაწესებულების შიდა ინსტრუქციის შესაბამისად, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გაესაუბრებიან სავარაუდო მსხვერპლ ბავშვსა და მოწმეებს და მოახდენენ შემთხვევის გაანალიზებას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას უზრუნველყოფენ პოლიციისა და სააგენტოს ინფორმირებას. სააგენტოს ინფორმირება ხდება ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათის (დანართი №2) ან/და სამინისტროს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.
6. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
7. სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები) სამედიცინო მომსახურების გაწევასთან ერთად, ბავშვზე ძალადობის თაობაზე ეჭვის არსებობისას ახდენენ ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, ძალადობის შედეგების და უსაფრთხოების რისკების შეფასებას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და კონფიდენციალურობის დაცვას. ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სავალდებულოა შეტყობინების გაგზავნა სააგენტოსა და პოლიციაშ