1. სტრუქტურული ერთეული თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
გ) სამართლებრივ აქტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოამზადოს გადაწყვეტილებების პროექტები;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების (მ.შ. სტრუქტურული ერთეულის ბეჭდის, შტამპისა და სატიტულო ბლანკის ფორმების დამტკიცების შესახებ) შემუშავების თაობაზე;
ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტებთან, აგრეთვე საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან;
ვ) მინისტრის დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულთან (ერთეულებთან) ერთად;
ზ) დაგეგმოს პროექტები ან/და შეიმუშაოს წინადადებები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში;
თ) განახორციელოს მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირება;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
2. სტრუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სტრუქტურული ერთეულის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე და/ან მინისტრი.
4. სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.